... ... hotnews.ge - „თუ ჩვენი სიმძლავრეები არ განვავითარეთ ვიქნებით დაუცველები ენერგეტიკის თვალსაზრისით“ - გიორგი ფანგანი

„თუ ჩვენი სიმძლავრეები არ განვავითარეთ ვიქნებით დაუცველები ენერგეტიკის თვალსაზრისით“ - გიორგი ფანგანი

დღესდღეობით საქართველო თავისი ენერგო რესურსების მხოლოდ და მხოლოდ 22.5%-ს იყენებს. ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IEA) შეფასებით, ჰიდრორესურსები საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა. ენერგიის საწარმოებლად შესაძლოა 300-მდე მდინარე იქნეს გამოყენებული, 15000 მგვტ დადგმული სიმძლავრით და 50 ტრვტ წარმოებით. აღნიშნული გარემოების ფონზე სემეკის წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მსხვილი ჰესების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია.

 მისივე თქმით, თუ საქართველომ ეს პოტენციალი არ აითვისა, მაშინ ენერგეტიკის თვალსაზრისით დაუცველი დარჩება.

„იმ შემთხვევაში თუ არ განვავითარეთ ჩვენი ენერგო სიმძლავრეები ვიქნებით აბსოლუტურად დაუცველები ენერგეტიკული თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენერგეტიკული მდგრადობა საქართველოსი არ იქნება ჩვენზე დამოკიდებული, რაც რასაკვირველია, საფრთხის შემცველია და ეს ასე არ უნდა იყოს.

სტატისტიკას რომ ჩავხედოთ ვნახავთ, რომ ადგილზე თბოსადგურების მიერ წარმოებული ენერგია საკმაოდ დიდი მოცულობისაა, რაც ერთი შეხედვით დადებით შეხედულებებს გვიყალიბებს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს თბოსადგურებიც იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობენ. შესაბამისად, ქვეყანა მაინც დამოკიდებულია იმპორტზე. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობა არსებობს დიდი ჰიდრო პროექტების, როგორებიცაა ნამახვანი, ნესკრა, ჰუდონი განვითარებით. აქვე აღვნიშნავ, რომ დღესდღეობით მზისა და ქარის ენერგია ვერ ჩაგვინაცვლებს სრულად ჰიდრო რესურსებიდან გენერირებულ ენერგიას. ამიტომ, მსხვილი ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს გიორგი ფანგანი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყნის მომარაგების 68%-ზე მეტი სწორედ ჰესებიდან მოდის, ხოლო ქვეყნის შიდა გენერაციის მხრივ ჰესების წილი დაახლოებით 80%-ს წარმოადგენს.

წყარო: energynews.ge

YOU MAY LIKE