... ... hotnews.ge - ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრები გოჩა ასოშვილი ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ასოშვილი "გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან", იტყობინება ოკუპირებული რეგიონის "კაგებე" (КГБ). ის ახალგორის რაიონში, სოფელ წინაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 აპრილს დააკავეს. „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი“, - აცხადებენ დე ფაქტო რესპუბლიკის "კაგებეში".

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ინფორმაცია გოჩა ასოშვილის გადმოცემაზე. ე.წ. კაგებეს თანამშრომლებმა ქართველ სამართალდამცავებს იგი ერგნეთის საპოლიციო საგუშაგოსთან გადასცეს.

9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მეოთხე სახელმწიფოთაშორისო სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საქმე ეხება ე.წ. განგრძობით ოკუპაციას - „ბორდერიზაციას“. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შვიდი მუხლი, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შესახებ მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლი.

YOU MAY LIKE