... ... hotnews.ge - თბილისის მერია ბიზნესსექტორს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს

თბილისის მერია ბიზნესსექტორს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს

თბილისის მერიამ პირველი აპრილიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი აამოქმედა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

„თბილისის მერია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ამოქმედდა მიმდინარე წლის პირვეელი აპრილიდან და რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ რეგისტრირებულ განაცხადში წარმოდგენილ ერთ ან მეტ მიწის ნაკვეთზე ან კონკრეტულ არეალზე მიიღონ ნებისმიერი მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქალაქთმშენებლობით წარმოებას, დოკუმენტის განმარტებას, სამშენებლო ნებართვასა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე კონსულტაციას.

პერსონალური კონსულტანტის მომსახურება შესაძლებელი იქნება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განაცხადის რეგისტრაციისთანავე გამოიყოფა კონკრეტული კონსულტანტი, რომელიც დაუკავშირდება ბიზნესსექტორის წარმომადგენელს და ინდივიდუალური, სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმში მოემსახურება მას. თანამშრომელი შეისწავლის არეალს, უპასუხებს დამკვეთის შეკითხვებს, განუმარტავს დოკუმენტაციას და მისცემს შესაბამის მიმართულებას წარმოების შედეგიანად მიმდინარეობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მომსახურება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუქმნის ნიადაგს წარმოების სწორად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რაც საბოლოოდ შეამცირებს წარმოების დროს.

„თითოეულ განაცხადზე მომსახურების გაწევის მინიმალური ვადაა სამი თვე. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის სამ თვეზე 6 000 ლარია, რაც თვეში შეადგენს 2 000 ლარს; ერთიდან ხუთ ჰა-მდე მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 12 000 ლარს; იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება ხუთ ჰა-ს, მომსახურების საფასური შეადგენს 30 000 ლარს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პირადი კონსულტანტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ რეჟიმში მოემსახურებიან შემდეგი მიმართულებებით: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისთვის კოორდინაციის პროცესში ხელშეწყობა; შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენიშვნის/ხარვეზის/მოთხოვნის განმარტება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს მშენებლობის ნებართვის მიღებას, სხვადასხვა დოკუმენტთან ან არეალთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას და ა.შ. ამისთვის თანამშრომლები სპეციალურად გადავამზადეთ, გაიარეს სტაჟირება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს იმისთვის, რომ თითოეული კონსულტანტი ყველანაირად კვალიფიციური იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

YOU MAY LIKE