მარტვილის მუნიციპალიტეტში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, 2 თვის ლეკვმა, რომლის დედაც ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, მიმკედლებელი დაკბინა.

პათოლოგიური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დადასტურდა.

"აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის 5 შემთხვევაა გამოვლენილი.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს;

ასევე, მიმართავს ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან და ცხოველების სიყვარული გამოხატონ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით, რადგან ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და დიაგნოსტიკურ ტესტირებას..

პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად და შემდგომ მათი გარემოში დაბრუნება.

დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2000-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.