"წინააღმდეგობა რეჟიმს!" - ილიაუნის "ა" კორპუსთან დღეს, აქცია ჩაინიშნა

"წინააღმდეგობა რეჟიმს!" - ასე ეხმაურებიან სტუდენტები "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი მცირდება და ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკისა და STEM სპეციალობები რჩება. 

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსთან, დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე აქცია ჩაინიშნა. განცხადებას ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

""ქართულმა ოცნებამ" განაცხადა ის, თუ რას უპირებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამ ჩამონათვალში შეიტანა ილიაუნიც. ზემოხსენებული დოკუმენტის მიხედვით ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები რჩება, რაც ამ მრავალმხრივ წამყვანი უნივერსიტეტისთვის დანგრევის ტოლფასია.

ჩვენ უახლოეს წარსულშიც ვნახეთ, რომ ერთიან აკადემიურ წინააღმდეგობას ნამდვილად აქვს აზრი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს, ერთად შევეწინააღმდეგოთ ამ დამანგრეველ ცვლილებებს.

არ გვაქვს უფლება დავთმოთ მრავალწლიან ისტორია, ღირებულებები და ხანგრძლივი შრომით მოპოვებული წარმატებები.

შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ განათლება!" - წერია განცხადებაში.