საქართველო–თურქეთის საზღვართან აქცია დაანონსდა - ტრაილერის მძღოლები პარკირების საფასურის ზრდას აპროტესტებენ

საქართველო-თურქეთის საზღვართან, სარფში, ტრაილერის მძღოლები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცის დღეს, 15:00 საათზეა დაანონსებული. პროტესტის მონაწილეები პარკირების საფასურის ზრდას გააპროტესტებენ.

მძღოლების ინფორმაციით, აქამდე სატვირთო ავტომობილების პარკირების ღირებულება 80 ლარი იყო, თუმცა ახალი ტარიფით ფასი 130 ლარამდე იზრდება. მათი თქმით, გადასახადი ერთიანია და არ არის დამოკიდებული პარკირების ხანგრძლივობაზე.

"ვაპროტესტებთ პარკირების ფასების გაძვირებას, რომელიც იყო 80 ლარი და გახდა 130 ლარი. ასევე ველოდებით, ჩვენი კოლეგებიც თურქეთის მხარეს აპროტესტებენ, იკრიბებიან საბაჟოსთან. მოვითხოვთ, რა ფასიც იყო 80 ლარი, დარჩეს იმ ფასზე და არ მოიმატოს. თავიდან ეს პარკები რომ გაიხსნა, იყო 30 ლარი და გახადეს 80. მაშინ ასე აგვიხსნეს, რომ პარკის მოპირკეთების გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. არავის არაფერი აუხსნია, არავისთან საუბარი არ გვქონია, ჩვენთვის არანაირი პასუხი არ გაუციათ. მოვითხოვთ, შევხვდეთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. გარდა პარკისა, არის რიგი პრობლემები, რაზეც გვინდა, ჩავაყენოთ საქმის კურსში და მივიღოთ პასუხები, - ამბობს ტრაილერის მძღოლი.