ძაღლის რომელი ჯიშების მოშენებაზე დააწესა მთავრობამ 3-წლიანი მორატორიუმი? - ვადები და წესები

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში სამი წლის ვადით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დადგენილება 2026 წლის 27 თებერვალს გამოიცა და 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. მორატორიუმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 10,000 ლარის ჯარიმა კანონდამრღვევი პირებისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მორატორიუმი ვრცელდება როგორც პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლებზე, ასევე სხვა კონკრეტულ ჯიშებზე, რომლებიც, მთავრობის შეფასებით, ჰიპერპოპულაციის თვალსაზრისით დამატებით რეგულირებას საჭიროებს.

მომეტებული რისკის მქონე ჯიშებად დადგენილებაში ჩამოთვლილია:

ამერიკული პიტ ბულ ტერიერი
ფილა ბრაზილეირო
სტაფორდშირის ტერიერი
არგენტინული დოგი
ტოსა ინუ
კანე კორსო
სტაფორდშირ ბულ ტერიერი

ასევე, მორატორიუმი შეეხება სხვა ჯიშის ძაღლებს, კერძოდ:

ჰასკი
მალამუტი
ლაიკა
დადგენილების თანახმად, სამი წლის განმავლობაში აღნიშნული ჯიშების ძაღლების მოშენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალება. მორატორიუმის შესრულებაზე კონტროლს განახორციელებენ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.

მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვა და შესაბამისი რისკების შემცირება.