სეს-მა ხობში თევზის არალეგალური საწარმო გამოავლინა - 500 კგ-მდე ნედლი და შებოლილი ქაფშია განადგურდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 70
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო დალუქეს.
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ მცირე მეწარმე ლ. ე. საქმიანობას კანონდარღვევით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.
სააგენტოს სპეციალისტებმა საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, კერძოდ:
ჰიგიენური ნორმების დარღვევა: საწარმოო გარემო არ შეესაბამებოდა სანიტარიულ მოთხოვნებს;
ინფრასტრუქტურული პრობლემები: დაზიანებული იყო საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა;
ინვენტარის დაბინძურება: გამოყენებული ინვენტარი იყო დაბინძურებული, რაც საფრთხეს უქმნიდა სურსათის უვნებლობას;
რისკიანი მეთოდები: ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას ჯანმრთელობისთვის რისკისშემცველი მეთოდით აწარმოებდა.
დარღვევების გამოვლენისთანავე, კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე შეუჩერდა. სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და დაგეგმილია 500 კილოგრამამდე ნედლი და შებოლილი ქაფშიის განადგურება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციონ პროდუქციის ეტიკეტირებასა და ბიზნესოპერატორის ავტორიზაციას. ნებისმიერი საეჭვო გარემოების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს ცხელ ხაზს.
