სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა და საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 73
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში შპს ,,ზეტას” (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N146), სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და სავალდებულო მოთხოვნების დაცვისა და პროცედურების გავლის გარეშე აეკრძალა აგროქიმიკატებით ვაჭრობა.
„აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აგროქიმიკატების რეალიზაცია მიმდინარეობდა სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების, მათ შორის, შეფუთვის მთლიანობის დარღვევით.
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
