საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონი ადამიანია, მათ შორის 257,000 უცხოელია - საქსტატის დაზუსტებული მონაცემები

საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად 3,929,581-ია. ამასთან, საქსტატის მიერ აქამდე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მთლიან მოსახლეობაში ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობა 257,000-ს, ანუ მოსახლეობის 6.6%-ს შეადგენდა.

შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აღწერის თანახმად, 3,672,581 არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო 257,000 კი ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეა.

საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიზანია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა, შესაბამისად მასში შედიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ.

"საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც.

დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48 პროცენტი (1 881 004 კაცი) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში და შეადგენს 54 პროცენტს.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62 პროცენტი (2 442 231 კაცი), ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებში 38 პროცენტი (1 487 350 კაცი).

2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქ თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს
მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და
მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 კაცი) და ქვემო ქართლის (441 630 კაცი) რეგიონები,
რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა ასე ნაწილდება:

ქ. თბილისი — 1,331,485 ადამიანი
იმერეთი — 510,741 ადამიანი
ქვემო ქართლი — 441,630 ადამიანი
აჭარის ა.რ. — 402,929 ადამიანი
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 305,597 ადამიანი
კახეთი — 303,833 ადამიანი
შიდა ქართლი — 251,736 ადამიანი
სამცხე-ჯავახეთი — 155,282 ადამიანი
გურია — 102,408 ადამიანი
მცხეთა-მთიანეთი — 94,039 ადამიანი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 29,901 ადამიანი