სამინისტროს თანხმობის გარეშე გაშენებული ვენახიდან ქარხნები ყურძენს არ ჩაიბარებენ
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 51
ღვინის ქარხნებს აეკრძალათ ისეთი ვენახიდან ყურძნის ჩაბარება, რომელიც სამინისტროს თანხმობის გარეშე გაშენდება - ამას ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის 24 აპრილის ბრძანება "სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ".
შესაბამისად, იმ მევენახეებს რომლებიც არარეგისტრირებულ ვენახებში მოიყვანენ ყურძენს, ღვინის მწარმოებლებზე ყურძნის რეალიზაცია აღარ შეეძლებათ და ვერც სახელმწიფო სუბსიდიას ვერ მიიღებენ. ბრძანება 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება ან უკვე არსებული ვენახის განახლება/აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. სამინისტროს განმარტებით, ამ ცვლილების მიზანია ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი სანედლეულო ბაზის ფორმირება, რაც მეღვინეობის სექტორის სტაბილურობას უნდა შეუწყოს ხელი.
დოკუმენტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ვენახის გაშენებისთვის. მევენახეებს მოეთხოვებათ გამოიყენონ მხოლოდ კანონმდებლობით ნებადართული და სერტიფიცირებული ნერგები. ამასთან, თანხმობის მისაღებად აუცილებელია ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის შედეგების სამინისტროში წარდგენა, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რომ მიწისქვეშა წყლის დგომის სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატება. კვლევა ასევე უნდა მოიცავდეს ნიადაგის ძირითადი მახასიათებლების სრულ ანალიზს, მათ შორის: ნიადაგის სიღრმეს, ხსნარის რეაქციას (pH), ორგანული ნივთიერებების შემცველობას, კალციუმის კარბონატს (CaCO3), მექანიკურ შემადგენლობას, ხსნადი მარილების საერთო შემცველობას (EC), გაცვლით კათიონებს (Ca, Mg, Na) და ჰიგროსკოპულ წყალს.
ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განაცხადი, მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, საკადასტრო რუკა, აგროტექნიკური კითხვარი და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. განაცხადის განხილვის ვადა არაუმეტეს 20 სამუშაო დღეა.
სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა 3 წლის განმავლობაში მოქმედებს. ვენახის გაშენების დასრულების შემდეგ მევენახე ვალდებულია ვენახი ერთიან კადასტრში დაარეგისტრიროს.
დოკუმენტი ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმსაც - სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს, რამდენად სრულდება გაშენების პირობები. დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია ვენახის რეგისტრაციის გაუქმებაც.
მნიშვნელოვანი სიახლე ეხება სანქციებსაც: სამინისტროს თანხმობის გარეშე გაშენებული ვენახი არ დარეგისტრირდება კადასტრში, ხოლო ასეთი ვენახიდან მიღებული ყურძნის გამოყენება მეღვინეობაში დაუშვებელია. შესაბამისად, ღვინის მწარმოებლებს ეკრძალებათ ამგვარი ნედლეულის მიღება.
წყარო: bm.ge
