მთავარი
ესპანეთის აეროპორტებში რუსებისთვის უვიზო ტრანზიტი უქმდება
- Details
- By ani
- Hits: 2
აეროპორტებში რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო ტრანზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის შემდეგ ესპანეთმაც გააუქმა.
ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.
რუს მგზავრებს ესპანეთის აეროპორტებში გადასაჯდომად უკვე სატრანზიტო ვიზა მაშინაც კი დასჭირდებათ, თუ ისინი საერთაშორისო ზონას არ ტოვებენ.
უწყების განცხადებაში წერია, რომ „ეს ზომა 12 ივლისს შევა ძალაში და, შესაბამისად, ამ თარიღიდან რუსეთის ჩვეულებრივი პასპორტის ყველა მფლობელს, ვისაც ესპანეთის აეროპორტებში ტრანზიტით გადაადგილება სურს, მოქმედი ვიზა უნდა ჰქონდეს.“
ამასთან, გადაჯდომა 24 საათზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. სატრანზიტო ვიზა მხოლოდ მათ არ დასჭირდებათ, ვინც მოქმედ შენგენის ვიზას ფლობს.
რუსებმა სატრანზიტო დოკუმენტები საკონსულოში გამგზავრებამდე უნდა გააფორმონ, რისთვისაც, სხვა საბუთებთან ერთად, ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, ასევე, შიდა პასპორტის გვერდების ასლები და მესამე ქვეყნიდან განაცხადის შეტანისას ბინადრობის ნებართვა უნდა წარადგინონ.
ესპანეთმა შეზღუდვა არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით ევროკავშირის ზოგადი პოლიტიკის ფარგლებში შემოიღო. მოელიან, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებთან დაკავშირებულ ზომებს ევროკავშირი უფრო გაამკაცრებს.
ცნობისთვის: მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზები დიდმა ბრიტანეთმა და ჩეხეთმა შემოიღო, თუმცა მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავთ.
