2026 წლიდან აეროპორტებისთვის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის პერიოდული შეფასება სავალდებულო ხდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 202
2026 წლიდან საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტებისთვის საჰაერო სივრცისა და აეროდრომების გამტარუნარიანობის პერიოდული შეფასება სავალდებულო ხდება. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მის მიზანს საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების ევროპული გამოცდილების შესწავლა წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“, “აეროპორტების გაერთიანებისა“ და „ტავ ურბან საქართველოს“ წარმომადგენლებმა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობითვე, ევროპასთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი მიიღო, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის (EU) No 255/2010) მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. აღნიშნული წესი მოქმედ საერთაშორისო აეროპორტებს 2026 წლიდან ავალდებულებს გამტარუნარიანობის პერიოდულ შეფასებას საჰაერო მოძრაობის ნაკადების მოთხოვნის გათვალისწინებით აეროდრომების არსებული დონის დადგენის მიზნით. სამუშაო შეხვედრაზე სპეციალისტებმა მიიღეს საჭირო ცოდნა აეროპორტებში შესაბამისი კვლევების ჩატარების და მათი არსებული და სამომავლო შესაძლებლობების სწორი ანალიზის მიმართულებით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, საჰაერო მოძრაობის ნაკადების სწორი და ეფექტური მართვა მნიშვნელოვანია საჰაერო მიმოსვლის რეკორდული ზრდისა და მიმდინარე საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე.
„სამივე საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს რეკორდული ზრდა როგორც ავიარეისების ისე მგზავრთნაკადის მიმართულებით. შესაბამისად ამ მიმართულებით ევროპული კოლეგების ცოდნის და გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.“ - განაცხადა გივი დავითაშვილმა.
