რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 106
მთავრობის განკარგულებით სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში უპატრონო და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამას იწყებს - ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
პროგრამა ითვალისწინებს ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებასა და ვაქცინაციას. უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველთა პოპულაციის ეფექტიან მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენციას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას.
პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
"პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
