თბილისში ტაილანდის საკონსულო გაიხსნება - როგორია ეკონომიკური კავშირი?

საქართველოში, თბილისში ტაილანდის საკონსულო გაიხსნება. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 12 თებერვალს მოაწერა.

დოკუმენტით, მთავრობა გასცემს თანხმობას დედაქალაქში საკონსულო ტაილანდის საპატიო კონსულის მეთაურობით გაიხსნას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ივლისს დამყარდა. დღეისთვის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტაილანდში ვახტანგ ჯაოშვილია. ტაილანდის სამეფოს საელჩო კი თურქეთის დედაქალაქშია, რომელიც საქართველოსაც ფარავს.

საქართველო-ტაილანდის სამეფოს ეკონომიკური კავშირები მცირეა. ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი ტაილანდური ინვესტიციების შემოდინება არ ფიქსირდება. მცირეა ვაჭრობის და ტურიზმის მაჩვენებლებიც, ფულადი გადმორიცხვები კი მინიმალურია.

ვაჭრობა

საქართველო - ტაილანდის სავაჭრო ბრუნვა 2025 წელს 26 მილიონ 947 ათას დოლარამდე გაიზარდა, საიდანაც ძირითადი ნაწილი იმპორტზე მოდის. გასულ წელს ტაილანდიდან საქონლის გადმოზიდვები გაიზარდა და 26 მილიონ 363 ათასი დოლარი შეადგინა. ზრდა 36.8%-ია.

ტაილანდიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ჯგუფების რეიტინგი ასეთია:

მზა ან დაკონსერვებული თევზი; ზუთხის ხიზილალა და მისი შემცვლელები - $4 მლნ, 1 002 ტონა;
ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული გამოსაყენებელი საწერად - $3.2 მლნ, 3 065 ტონა;
მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $3.2 მლნ, 7 ტონა;
საბურავები და რეზინის პნევმატური სალტეები - $3.1 მლნ, 844 ტონა;
მაცივრები და საყინულეები - $3 მლნ, 437 ტონა;
დაფასოებული სამკურნალო საშუალები - $1.5 მლნ, 43 ტონა;
ვულკანიზებული რეზინის ტანსაცმელი - $1.4 მლნ, 358 ტონა;
მსუბუქი ავტომობილები - $1 მლნ, 20 ცალი;
ჩატვირთვის და გადმოვირთვისათვის მანქანები - $739 ათასი, 113 ტონა;
კონდინციონერები - $657 ათასი, 41 ტონა.
გასულ წელს ტაილანდში საქონლის ექსპორტი თითქმის განახევრდა და 584 ათასი დოლარი შეადგინა. აზიურ ქვეყანაში სპილენძის ნარჩენი და ჯართი, მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები, მაცივრები და საყინულეები, მამაკაცის კოსტიუმები და კომპლექტები და სხვა პროდუქტი მცირე მოცულობებით გავიდა.

ტურიზმი

2025 წელს ტაილანდიდან ვიზიტორების შემოსვლის მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყანაში სულ ამ მიმართულებიდან 14 146 ვიზიტი შესრულდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 18.6%-ით ჩამორჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ ტაილანდიდან ვიზიტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს იყო, როცა საქართველოში 19 276 ვიზიტი შესრულდა. ამის შემდეგ დინამიკა მცირდება.

ფულადი გზავნილები

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ტაილანდიდან ამ ტიპის გადმორიცხვები მცირეა, თუმცა ბოლო 2 წელიწადია იზრდება. 2025 წელს ტაილანდიდან 300 გზავნილით 245 ათასი დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როდესაც 2024 წელს 200 გზავნილი და 135 ათასი დოლარი იყო.