საქართველოში 350 ათასი ადამიანი, ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავანულოთ - პრემიერი

2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე ჩამოსული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა 2020 წლის შემდეგ, 50 მილიარდიდან 104 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

 

„ეკონომიკის ზრდა ნიშნავს -  მაგალითად, რომ ნახოთ საშემოსავლო გადასახადის გადახდის მაჩვენებელი, ჩვენი მოქალაქეები ორჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ვიდრე იხდიდნენ 2020 წელს, ანუ მათი შემოსავლები ორჯერ გაიზარდა. შემდეგ, არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც არის შეჯერებული მსოფლიო ბანკთან, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წელს იყო 21,3 პროცენტი და ახლა არის 9,4. საშემოსავლო გადასახადს იხდიან 2-ჯერ მეტს. 2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან ჩამოსული სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე. ეს არის ასახული ასევე ბიზნესის ბრუნვაში ინვესტიციებში და ა.შ. საბოლოო ჯამში ძალიან კონკრეტული მყარი ინფორმაცია არსებობს, რომელიც ვერ დამახინჯდება, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში გვაქვს პროგრესი. თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს მაჩვენებელი გავანულოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით,  განისაზღვრა ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით.

 

„ჩვენ  უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. ჩვენ განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით. რაც შეეხება განკარგულებას, განსაზღვრულია კვოტები, მათ შორის კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერავინ ვერ გაუწევს კონკურენციას. აქ იყო გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა, თითოეულ შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესები და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესების დაცვა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე.

 

„ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა არის კიდევ ერთი დასტური ამისა. საქართველო არის მოწინავე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც კი, მე-16 ადგილი დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ ამ მაჩვენებლით, ვუსწრებთ უკლებლივ ყველა კანდიდატ ქვეყანას. სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს, განიცდის მუდმივ წინსვლას  და სამართალდამცავი სტრუქტურების წინსვლაც არის ამის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო გამოხატულება,“- განაცხადა პრემიერმა.