ოქროს ფასი ზედიზედ მეხუთე დღეა იზრდება და მან უკვე უნციაზე 5,200 დოლარს გადააჭარბა, რაც ერთ კვირაში 6%-ით, ხოლო ერთწლიან პერიოდში 77%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ძვირფასი ლითონის გაძვირება აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გარშემო არსებული გაურკვევლობით და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ირანთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური დაძაბულობით არის განპირობებული.
ასეთი ვითარების ფონზე, ინვესტორები რისკიან აქტივებს აქტიურად ტოვებენ და თავშესაფარს ოქროში ეძებენ, როგორც ისტორიაში ყველაზე გამოცდილ ღირებულების შემნახველ აქტივში. მარტივად რომ ვთქვათ, კაპიტალი ამერიკული კომპანიების აქციებიდან ოქროში გადადის.
ოქროს ასეთი ზრდის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაა, რომელიც დამატებითი ტარიფების დაწესებას გეგმავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბაზარზე გაჩენილმა სამართლებრივმა ქაოსმა და სავაჭრო ომის ახალმა პოტენციურმა ტალღამ დოლარის ინდექსი ოთხწლიან მინიმუმამდე დასცა, რაც ოქროს ფასის ზრდისთვის დამატებით სტიმულს წარმოადგენს, რადგან დოლარსა და ოქროს შორის უარყოფითი კორელაციაა.
პარალელურად, ვითარება უკიდურესად იძაბება ირანთან მიმართებით. მედიაში გავრცელებული ცნობები აშშ-ის სამხედრო მობილიზაციისა და შესაძლო თავდასხმის დაწყების შესახებ ინვესტორებში პანიკას იწვევს, შიში კი ოქროს ღირებულებაზე დადებითად აისახება.
ექსპერტების შეფასებით, თუ მიმდინარე კვირას ჟენევის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ოქროს ფასი შეიძლება 5,400 დოლარამდე გაიზარდოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან კონფლიქტს წამოიწყებს, შესაძლოა, ოქროს ფასმა რეკორდულ 5,600 დოლარს გადააჭარბოს.
