2026 წლის იანვარში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 5%-ით გაიზარდა და 2 922-ს გაუტოლდა - ამის შესახებ TBC Capital-ის სექტორული კვლევის პუბლიკაციაში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში ბინების გასაყიდი ფასი გასული თვის მაჩვენებელზე, $1 340-ზე შენარჩუნდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($1 265) კი 6%-ით გაიზარდა.
პუბლიკაციის მიხედვით, გასულ თვეს თბილისში 514 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 29%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შესაბამისად, ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში მცირედით, 18%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ძველ ბინებს, ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა და 2 408 შეადგინა.
გარდა ამისა, TBC Capital-ის თანახმად, გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინების კატეგორიაზე მოდის. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები კი ყველაზე მცირე ჯგუფს წარმოადგენს. რაც შეეხება გაყიდული ბინების განაწილებას საფასო კატეგორიების მიხედვით, აპარტამენტებს კვადრატულ მეტრზე $900-1 500 ფასით ყველაზე დიდი წილი უკავია.
