საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში თითქმის 105 მილიარდ ლარს მიაღწია - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 104 598.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 12.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 4.6 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.0 პროცენტი), მშენებლობა (8.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.7 პროცენტი), განათლება (6.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.9 პროცენტი).

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.7 პროცენტი), განათლება (24.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (12.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.9 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (5.0 პროცენტი).

ხოლო კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.7 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-4.5 პროცენტი).