2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ხორბლის იმპორტი როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოტანილია 48 666 ტონა ხორბალი, რომლის საერთო ღირებულებამ 12.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 41 821 ტონას და 10.1 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად, მიმდინარე წელს ხორბლის იმპორტი ღირებულებით 20.6%-ით, ხოლო მოცულობით 16.3%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ხორბლის იმპორტში დომინანტი პოზიცია კვლავ რუსეთს უკავია, საიდანაც ქვეყანამ 42 060 ტონა ხორბალი შეიძინა და მასში, 10.6 მილიონი დოლარი გადაიხადა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი (6 578 ტონა და 1.5 მლნ დოლარი). შედარებით მცირე მოცულობები ფიქსირდება ბელარუსიდან (21 ტონა, 16 ათასი დოლარი) და თურქეთიდან (5.5 ტონა, 3 ათასი დოლარი).
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 515 719 ტონა ხორბალი, რომლის ღირებულებამ 128.5 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს იმპორტი 326 486 ტონას და 76.1 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად, 2025 წელს ხორბლის იმპორტი ღირებულებით 68.7%-ით, ხოლო მოცულობით 57.9%-ით გაიზარდა.
იმპორტის მომწოდებლებს შორის წამყვან პოზიციას კვლავ რუსეთი იკავებს - 405 018 ტონა ხორბალი, 102.2 მილიონი დოლარის ღირებულებით. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც 110 447 ტონა ხორბალი, 26 მილიონ დოლარად შემოვიდა. დანარჩენი ქვეყნების წილი შედარებით მცირეა. მათ შორის არიან ავსტრია (91 ტონა), რუმინეთი (66 ტონა), გერმანია (29 ტონა), უნგრეთი (21 ტონა), საბერძნეთი (22 ტონა), თურქეთი (23 ტონა), აშშ (100 კილოგრამი) და იტალია (200 კილოგრამი).
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ხორბალზე, ხოლო ბაზარზე წამყვანი მომწოდებელ პოზიციას რუსეთი ინარჩუნებს.
