თურქეთი, ირანი, უზბეკეთი - საიდან შემოგვაქვს ბოსტნეული, რომლის იმპორტიც რეკორდულად გაიზარდა

საქართველოში ბოსტნეულის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის მანძილზე ქვეყანაში 15 მლნ აშშ დოლარის ბოსტნეულის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 13,9 მლნ აშშ დოლარის; 2024 წლის იანვარ-თებერვალში კი - 10,1 მლნ აშშ დოლარის იმპორტი იყო. მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ბოსტნეულის იმპორტი მზარდია და უფრო მეტიც, წელს, იანვარ-თებერვალში რეკორდი დაფიქსირდა.

ბოსტნეულის იმპორტის მზარდი ტენდენცია ფიქსირდება გასულ წლებში წლიურადაც. მაგალითად, 2025 წელს ქვეყანაში 87.7 მლნ აშშ დოლარის ბოსტნეული შემოვიტანეთ, 2024 წელს - 70,7 მლნ აშშ დოლარის, 2023 წელს - 60,6 მლნ აშშ დოლარის, 2022 წელს - 47.5 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, წლევანდელი 2 თვის მონაცემებით, პირველ სამეულშია თურქეთი, ირანი და უზბეკეთი.

TOP-10 საიმპორტო ქვეყანა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

თურქეთი - 6,7 მლნ აშშ დოლარი
ირანი - 1,8 მლნ აშშ დოლარი
უზბეკეთი - 1,6 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი - 1,5 მლნ აშშ დოლარი
ჩინეთი - 918 500 აშშ დოლარი
თურქმენეთი - 674 300 აშშ დოლარი
რუსეთი - 396 200 აშშ დოლარი
ყირგიზეთი - 297 300 აშშ დოლარი
კანადა - 223 700 აშშ დოლარი
ყაზახეთი - 162 800 აშშ დოლარი
რაც შეეხება ბოსტნეულის სახეობებს, რომელზეც იმპორტის ყველაზე დიდი წილი მოდის, მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ესენია პომიდორი და გამხმარი პარკოსანი ბოსტნეული. პომიდორის შემთხვევაში წელს, საშუალო ფასი 3%-ითაა გაზრდილი, პარკოსნების შემთხვევაში კი - ფასი დაახლოებით 14%-ითაა შემცირებული.

ხუთეულშია ხახვი, ნიორი და კიტრიც, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც მსგავსი იყო. იმპორტის ზრდა თითქმის ყველა ბოსტნეულის შემთხვევაში ფიქსირდება.

მოცულობის მიხედვით, TOP-10 ბოსტნეული შემდეგია (2026 წლის იანვარ-თებერვალი):

ახალი ან შეყინული პომიდორი - 3,1 მლნ აშშ დოლარი - 4295 ტონა
გამხმარი პარკოსანი ბოსტნეული - 2,7 მლნ აშშ დოლარი - 3511 ტონა
ახალი ან შეყინული სხვა ბოსტნეული - 2,7 მლნ აშშ დოლარი - 3667 ტონა
ხახვი, პრასი, ნიორი - 2,2 მლნ აშშ დოლარი - 6621 ტონა
ახალი ან შეყინული კიტრი - 2 მლნ აშშ დოლარი - 3339 ტონა
კომბოსტო, ბროკოლი, კოლრაბი - 545 800 აშშ დოლარი - 1044 ტონა
სტაფილო, თალგამი, ჭარხალი - 477 800 აშშ დოლარი - 1973 ტონა
ახალი ან შეყინული კარტოფილი - 447 800 აშშ დოლარი - 1350 ტონა
სალათა და ვარდკაჭაჭა - 300 100 აშშ დოლარი - 475 ტონა
გაყინული ბოსტნეული - 163 100 აშშ დოლარი - 105 ტონა
რაც შეეხება საქართველოდან ბოსტნეულის ექსპორტს, მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ექსპორტი დაახლოებით განახევრებულია. კერძოდ, იანვარ-თებერვალში საქართველოდან 4,9 მლნ აშშ დოლარის ბოსტნეული გავიდა, საიდანაც საქართველოში წარმოებული ბოსტნეულის ექსპორტზე 3,5 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 11,5 მლნ აშშ დოლარის ბოსტნეულის ექსპორტი დაფიქსირდა, საიდანაც ადგილობრივი ექსპორტი 10,2 მლნ აშშ დოლარი იყო. კლება კარტოფილის ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, გასული წლის ორ თვეში ქვეყნიდან 7,8 მლნ აშშ დოლარის კარტოფილი გავიტანეთ, როცა წელს ეს მაჩვენებელი 722 700 აშშ დოლარია.

ბოსტნეულის მთავარი საექსპორტო ბაზრები უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანია.