Amazon-მა განაცხადა, რომ ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის კონკურენტი საბოლოოდ "2026 წლის შუა პერიოდში" ჩაეშვება.
აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯასიმ აქციონერებისთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური კომპანია "Amazon Leo-ს გაშვების ზღვარზეა" და პროექტისთვის "საწარმოებისა და მთავრობებისგან შემოსავლების გარანტიები" უკვე მიღებული აქვს.
თავდაპირველად 2019 წელს Project Kuiper-ის სახელით შექმნილი Leo, ამჟამად კოსმოსში, დედამიწის დაბალ ორბიტაზე 200 თანამგზავრს ფლობს. ჯასი პირობას დებს, რომ მომდევნო წლებში მათ "კიდევ რამდენიმე ათასი" დაემატება.
მართალია, ეს გეგმები Leo-ს კოსმოსში მეორე კომერციულ სატელიტურ მოთამაშედ აქცევს, ის მაინც საგრძნობლად ჩამორჩება SpaceX-ის Starlink-ს, რომელსაც კოსმოსში თითქმის 10 000 თანამგზავრი ჰყავს და მომავალში 42 000-მდე მოქმედი აპარატის განთავსებას გეგმავს.
აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ Delta Air Lines-მა Leo-ს თავის მომავალ ბორტგარეშე Wi-Fi პროვაიდერად დაასახელა და 2028 წლიდან მას 500 თვითმფრინავზე გამოიყენებს. ჯასის თქმით, Delta შეუერთდება "Leo-ს სხვა მომხმარებლებს, როგორებიცაა JetBlue, AT&T, Vodafone, DIRECTV Latin America, ავსტრალიის ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელი, Nasa და სხვები".
გარდა იმისა, რომ Amazon-ი რამდენიმე წლით ჩამორჩება ისეთ კონკურენტებს, როგორიცაა Starlink-ი და OneWeb-ი, ინტერნეტის კოსმოსურ რბოლაში მისი ჩართვის მცდელობებს გაშვებებისთვის კონკურენტების რაკეტებზე დამოკიდებულება აფერხებს. თუმცა გამოცხადდა გეგმები, რომ 2027 წლიდან Leo-ს თანამგზავრების გაშვებაზე მთავარ პასუხისმგებლობას ჯეფ ბეზოსის მფლობელობაში მყოფი Blue Origin-ი აიღებს.
მოსალოდნელია, რომ Amazon-სა და SpaceX-ს (და შესაბამისად, მათ მფლობელებს) შორის კონკურენცია კომერციული კოსმოსური ინდუსტრიის მომდევნო ათწლეულებს განსაზღვრავს. როგორც ბეზოსს, ისე მასკს სურთ ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების შექმნა და ასევე დაინტერესებულნი არიან კომერციული კოსმოსური მოგზაურობის ნორმალიზებით - სფეროთი, სადაც ბეზოსის Blue Origin-ს უპირატესობა აქვს.
ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა Leo ისეთ წარმატებულ პროექტებს, როგორიცაა Alexa, Audible და Kindle, თუ ის Amazon-ის თვალსაჩინო წარუმატებლობების სიაში აღმოჩნდება - როგორიც იყო მაგალითად 2014 წელს გამოსული Fire ტელეფონი, რომელმაც ერთ წელზე ცოტა მეტხანს გაძლო, ან Amazon Fresh-ი, რომელმაც 2025-2026 წლებში დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ყველა ფიზიკური მაღაზია დახურა.
