მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების ერთიან წესებს აწესებს.
დადგენილების მიხედვით, დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი − ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს როგორც პროდუქტის ხარისხის, ისე ბიზნესოპერატორების საქმიანობის სტანდარტებს.
დოკუმენტი ვრცელდება ყავის ძირითად კომერციულ სახეობებზე, მათ შორის Coffea arabica (არაბიკა) და Coffea canephora (რობუსტა), ასევე ყავის პროდუქტებსა და სუროგატებზე.
რეგლამენტი აწესებს მოთხოვნებს:
პროდუქტის ტიპებსა და ხარისხზე;
წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის პროცესებზე;
ბაზარზე განთავსების პირობებზე;
ბიზნესოპერატორების ვალდებულებებზე;
შესაბამისობის შეფასების მექანიზმებზე.
რეგულირების ობიექტებად განსაზღვრულია:
მწვანე (ნედლი) ყავა;
ყავის პროდუქტები (მათ შორის მოხალული ყავა და ექსტრაქტები);
ყავის სუროგატები.
რეგლამენტი ამომწურავად განსაზღვრავს ყავის სახეობებსა და მათ ნაირსახეობებს, მათ შორის არაბიკას სხვადასხვა ჯიშებს (ბურბონი, ტიპიკა, კატურა და სხვა), ასევე რობუსტას, ლიბერიკასა და სხვა ტიპებს.
დოკუმენტი ასევე ადგენს:
ყავის დამუშავების მეთოდებს (მშრალი და სველი პროცესები);
პროდუქტის სხვადასხვა ფორმებს — მოხალული, დაფქული, ექსტრაქტი, ხსნადი ყავა;
უკოფეინო ყავისა და სუროგატების განმარტებებს;
ყავის მარცვლის ხარისხის, დეფექტებისა და უცხო მინარევების კლასიფიკაციას.
ბაზარზე განთავსებული მწვანე ყავა უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ მონაცემებს:
დასახელება;
წარმოშობის ქვეყანა;
პარტიის ნომერი;
წმინდა წონა.
ამასთან, თანმხლებ დოკუმენტაციაში დამატებით უნდა იყოს მითითებული:
დამუშავების მეთოდი (გარეცხილი, გაურეცხავი და სხვა);
მწარმოებელი და იმპორტიორი;
მოსავლის წელი;
ტენიანობის მაჩვენებელი;
მინარევების პროცენტული რაოდენობა;
მარცვლის ზომა (საცერის სტანდარტებით);
შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი ექსპორტიორი ქვეყნის ორგანოსგან.
ასევე სავალდებულოა პროდუქტის დასახელებასთან ერთად მისი ბოტანიკური სახელწოდების მითითება.
რეგლამენტი განსაზღვრავს მწვანე ყავის ხარისხის ძირითად პარამეტრებს:
ტენიანობა - მაქსიმუმ 13.5% (უკოფეინო შემთხვევაში 12%);
ნაცრიანობა - არაუმეტეს 5.5%;
უცხო მინარევები - არაუმეტეს 2%;
დეფექტური მარცვლები და ნარჩენები - მაქსიმუმ 8% (რობუსტასა და გაურეცხავი არაბიკასთვის — 12%);
კოფეინის შემცველობა - მინიმუმ 0.8%;
პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ცოცხალ მწერებს ან ლარვებს და არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი სუნი.
რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა. ამასთან, ბაზარზე უკვე არსებული და ეტიკეტირებული პროდუქცია, რომელიც ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, დაშვებული იქნება რეალიზაციაში ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე, თუმცა არაუგვიანეს 2027 წლის 1 სექტემბრისა.
მთავრობის განმარტებით, რეგლამენტის მიზანია ყავის სექტორში ერთიანი სტანდარტების დანერგვა ყველა ეტაპზე წარმოებიდან საბოლოო რეალიზაციამდე და მომხმარებლის უფლებების დაცვა.
დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლის გაძლიერებას, რაც ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციისთვის ერთიან მოთხოვნებს დააწესებს.
