საქართველოს რეზიდენტებმა II კვარტალში საზღვარგარეთ ვიზიტებზე 582.8 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 2%-ით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის პერიოდზე. საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა და 1 032.7 ლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები მოგზაურობისას ყველაზე მეტ თანხას საყიდლებზე, განთავსებასა და ადგილობრივ ტრანსპორტზე ხარჯავენ.
2025 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 715 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წლიურად 2.5%-იანი ზრდაა. აქედან ვიზიტების რაოდენობა 564.3 ათასი იყო, ეს 0.4%-ით მეტია 2024 წლის შესაბამის პერიოდზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 385.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 35% მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით შედგა. მეორე ადგილს საყიდლები იკავებს 30.4%-ით. დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით ვიზიტების მხოლოდ 21% იყო.
ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა, შესაბამისად, 201.3 ათასი და 106.3 ათასი ვიზიტი. 2025 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 2%-ით მეტია. ვიზიტების 98% განმეორებითი იყო.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერიასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერიხანგრძლივობითა და მიზნით.
ვიზიტორი 15 წლის ან უფროსი ასაკის პირია, რომელიც ქვეყნიდან ერთ წელზე ნაკლები დროითგავიდა. ვიზიტორებში არ შედიან: დასაქმების მიზნით წასულები; დიპლომატები; შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები.