მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები ხორციელდება - კალაძე
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 93
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთვარობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, 25 აგვისტოს მეტროსადგურმა განაახლა მუშაობა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა და, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა.
„არაერთი განმარტება გავაკეთეთ და საზოგადოებას ავუხსენით, თუ რის გამო იყო დაკეტილი მეტროსადგური ამდენი დღის განმავლობაში. საჭირო იყო რთული სამუშაოების განხორციელება, რომლის ჩატარებაც მეტროს ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი გახლდათ. სამუშაოები განხორციელდა ჭერზე, რომელიც იყო უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში. განხორციელდა მისი შესაბამისი ხსნარებითა და ბეტონით დამუშავება, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული. ასევე, ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რომელიც აუცილებელი და გადაუდებელი იყო შემდეგი ეტაპისთვის. პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი შეკიდული ჭერის მოწყობა და ამიტომ არსებული თაღი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და რაზეც არაერთი დასკვნა არსებობს, საჭიროებდა შესაბამის გამაგრებით სამუშაოებს. სწორედ ამის გამო მოგვიწია სადგურის დროებით დახურვა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები და ქილიკი, რადგან საზოგადოებისთვის სხვა სათქმელი არაფერი აქვთ.
„გუშინ აღნიშნულ თემას მოჰყვა სპეკულაციები. აღარ დავასახელებ სახელებსა და გვარებს. ზოგი ქილიკობდა და აბსოლუტურად გაუგებარ „მესიჯებს“ აჟღერებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს კეთდება მიზანმიმართულად, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია, როგორც ხდება ხოლმე. სხვა არაფერი დარჩენიათ, საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. შესაბამისად, იკვებებიან ამ ტიპის განცხადებებით. რაც შეეხება სამუშაოებს, წლის ბოლოსთვის პროექტი მთლიანად უნდა იყოს დასრულებული, მეტროსადგური უნდა იყოს რეაბილიტირებული და ყველანაირად მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვერიდებით, ვისაუბროთ გამოწვევებზე, სირთულეებსა და პრობლემებზე, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს დედაქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

No article in the selected categories