დაბა ბაკურიანში ხუთდღიანი ახალგაზრდული ბანაკი - "ახალგაზრდა მოქალაქე, ძლიერი თვითმმართველობა" გაიხსნა

სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 7 მარტს, დაბა ბაკურიანში ხუთდღიანი ახალგაზრდული ბანაკი - "ახალგაზრდა მოქალაქე, ძლიერი თვითმმართველობა" გაიხსნა.  
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განივითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარი აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად, ასევე, გაიუმჯობესონ ლიდერული თვისებები.
მონაწილეთა მგზავრობა, სასტუმროში განთავსება და კვება სამგორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. 
ბანაკის გახსნას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, 
ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში,  ვაჟა კოკაია, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, ზაქარია წიკლაური, მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გიორგი დოხტურიშვილი და ლილო-ორხევის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, მამუკა ხაბარელი  ესწრებოდნენ. 
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რომლის  მთავარი მიზანი ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის გაძლიერება, იდეებისა და მოსაზრებების გაზიარება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში  აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა, ასევე, ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მათ განვითარებასა და შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.