„ერთ თეთრს არ დაგახარჯინებთ უსახური ფარეხების და უკანონო შემოღობების დემონტაჟზე“ - კალაძე მოსახლეობას მიმართავს

თბილისის მერი მოსახლეობას, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში უსახური ავტოფარეხების და უკანონო ნაგებობების დემონტაჟისთვის აქტიურობისკენ მოუწოდა და ამბობს, რომ ყველა ხარჯს მერია გასწევს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ისი თქმით, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი კი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.

„მნიშვნელოვანია საცხოვრებელი კორპუსებს შორის სივრცეები მაქსიმალურად გავამწვანოთ. უკანონო შემოღობების, უსახური და პრობლემების მქონე ფარეხების და მოსახლეობის ჩართულობით შევიმუშაოთ პროექტი, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ეს შეიძლება იყოს სკვერი, მოსასვენებელი სივრცეები, სპორტული მოედნები და ა.შ. ასე რომ იაქტიურეთ, თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთ თეთრს არ დაგახარჯინებთ არც უსახური ფარეხების და არც უკანონო შემოღობების დემონტაჟზე - ყველაფერს მუნიციპალიტეტი გააკეთებს და ძალიან ლამაზ პროექტებს განვახორციელებთ თქვენს ეზოებში და იმ სივრცეებში, რომელიც საცხოვრებელი კორპუსებს შორის არსებობს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. "პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით“, - განაცხადა კახა კალაძემ.