მდინარე დიღმურაზე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო, რომელიც ახალი, რკინაბეტონის ხიდით ჩანაცვლდება, სამუშაოები ხუთ თვეს გაგრძელდება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 157
სოფელ დიღომში, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო.
ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. პირველ რიგში, მოხდება მისი დემონტაჟი. პროექტის მიხედვით, გაკეთდება ტროტუარები, რაც აქამდე არ არსებობდა. დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება სამუშაოებს. ამ დროში შეიქმნება გადაადგილებასთან, ხმაურთან დაკავშირებული დისკომფორტი, მაგრამ, ამ ხიდით მოსარგებლე ავტომობილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელება აუცილებელი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
არსებული ლითონის საავტომობილო ხიდის სიგრძე 64 მეტრია, რომლის ნაცვლად ახალი, უსაფრთხო რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომლის ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე იმყოფებოდნენ.
No article in the selected categories
