სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა

სამგორის რაიონში, სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი აშენდა. პროექტის მიმდინარეობას, რომელიც ზაფხულის ბოლოს დასრულდება, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. 
„დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. პარალელურად, დავიწყებთ ეზოს კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ჭიდაობის დარბაზისა და სატრენაჟორო სივრცის მოწყობა გასახდელებითა და საშხაპეებით. ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგდება. ადგილობრივი მოსახლეობა მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელებას ითხოვდა. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირებაც იყო. ზაფხულის ბოლოსთვის სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, სპორტული კომპლექსით ისარგებლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
კომპლექსის პირველ სართულზე უკვე მოეწყო 700 კვ.მ ჭიდაობის დარბაზი 200 ერთეული ტრიბუნით, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ამავე სართულზე განთავსებულია ექიმის, მსაჯების, უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციის ოთახები. 
შენობის მეორე სართული დაეთმო ფიტნეს დარბაზს სველი წერტილებითა და გასახდელებით. დარბაზში შესაძლებელია განთავსდეს, როგორც ჭიდაობის ლეიბი, ისე ძიუდოს ტატამი. შენობას აქვს საპარკინგე სივრცეც. 
პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 5.8 მილიონი ლარს შეადგენს. 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ასევე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.