აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის პარვიზ შაჰბაზოვის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 2.4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა. ეს შარშანდელ მაჩვენებელს 100 მლნ მ3-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მცირდება.
აზერბაიჯანური მხარის სტატისტიკით, 12.9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ევროპას, 9.9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი კი თურქეთს მიაწოდეს. 2023 წელთან შედარებით გაზის ექსპორტის მოცულობა თითქმის 6%-ით არის გაზრდილი. 2023 წელთან შედარებით ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 1 მილიარდი მ3-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანის ორი წყარო არსებობს: აზერბაიჯანი და რუსეთი. ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს მილსადენები აკავშირებს, რომლითაც გაზს არა მხოლოდ იღებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში ატარებს კიდეც.
გატარების სანაცვლოდ საქართველო აზერბაიჯანიდან ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.
ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრი გაზს იღებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2023 წელს ამ მილსადენში რეკორდული მოცულობის 21 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტმა გაზმა გაიარა.
წყარო: bm.ge