"2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
 

პრემიერის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი.

„რკინიგზის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე. ასევე, დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 98,5%. ანუ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოები“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამბიციური მიზანია - 2030 წელს საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით.

 

„გაზიფიკაციის ქსელს შეუერთდა 5,000 ოჯახი საანგარიშო პერიოდში, ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა. ამ კუთხით, კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები. გვქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში, ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიაში უკვე დაწყებულია სამუშაოები, ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები.

 

„ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა, თუმცა ტემპების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ბევრად უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება. ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი მოემსახურება წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს. არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად სათანადო ვადებში უნდა განხორციელდეს. ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის სათანადო ვადებში განხორციელება და დასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს დაიწყება პარტნიორის შერჩევის პროცედურა.

„აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში. შესაბამისად, ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ პროექტის დროული განხორციელება და დასრულება. 
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, დღეს, დაახლოებით, 2 მლნ  მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს და ჩვენი მიზანია, 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება, ინვესტიციაც არის უმსხვილესი, 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულია ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში.  შევძლებთ უფრო დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. უნიკალურია თავისი შინაარსით ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება. წელს დაიწყება ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე მუშაობა. სრულიად ახალი ტერმინალი დაემატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ კონკრეტულად იმერეთის რეგიონის განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება ამ პროექტის განხორციელება“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი სტადიონის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება 70 000-იან მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.

 

„ვმუშაობთ ახალი სტადიონის პროექტზე, რომელიც დაანონსდა გასულ წელს. ეს იქნება ახალი, 70 000-იან მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. ეს იქნება ასევე გათვლილი ფეხბურთზე და რაგბზე. გარდა ამისა, ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა ფუნქციებითაც იქნება დატვირთული. მათ შორის ქვეყანას არ აქვს  ე.წ. საგამოფენო-საკონფერენციო ცენტრი, და სტადიონი ამ ფუნქციასაც აიღებს თავის თავზე. მულტიფუნქციური იქნება თავისი დატვირთვით ეს ინფრასტრუქტურა. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მანამდე საზოგადოებას წარვუდგენთ პროექტს და საზოგადოების მხრიდან მოწონების შემდეგ შევუდგებით შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის მიმართულებით არსებობს სტრატეგია, რომელიც მუდმივ გადახედვას და განახლებას საჭიროებს.

„ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი, 7%-მდე გაგვეზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების წილი ჯამურ შემოსავლებში, ანუ საუბარია ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და მომავალ წელს ეს მიზანი შესრულდება. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. მუდმივად უნდა განახლდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო მეტი კომპეტენციის გადაცემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყველა კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე საჯარო ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამითაც უნდა ვიამაყოთ და მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ ამ ყველაფრისგან. რაც მეტი შესაბამისი კომპეტენცია გადავა ადგილობრივ დონეზე, ბუნებრივია, მით უკეთესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება გეგმავს, რომ 2030 წელს ქვეყანამ მიაღწიოს თვითკმარობას.

 

„რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 2030 წლისთვის მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება. დაახლოებით 10 000 მეგავატია ამისათვის საჭირო და მივყვებით გეგმას. ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ ეს გეგმა პირნათლად შესრულდება. “, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა 6 ახალი იუსტიციის სახლი. 

 

„იუსტიციის სახლების რაოდენობამ შეადგინა ქვეყნის მასშტაბით, 125. აქაც მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით. 10-ჯერ არის გაზრდილი იუსტიციის სახლების რაოდენობა და ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მალე იუსტიციის სახლები მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. გარდა ამისა, წარმატებით მოქმედებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 143 სოფელში არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა დაფარულია იუსტიციის სახლების მომსახურებით, დაახლოებით  500 მომსახურებას უწევენ იუსტიციის სახლები ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

ამასთან, მისივე თქმით, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, აქედან დარეგისტრირდა 553 ათასი მიწის ნაკვეთი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ თვალსაზრისით მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და მათ შორის ერთ-ერთი პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკა იქნება.

 

„აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების პრაქტიკა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯეფექტიანობის, ხარისხის ზედამხედველობის პრაქტიკა. ამ კუთხითაც, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. მათ შორის, ერთ-ერთი რაც უკვე ნაწილობრივ ვახსენე, არის პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკის დანერგვა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მასშტაბით განსავითარებელ ინფრასტრუქტურას. ეს შეიძლება იყოს სკოლები, საბავშვო ბაღები, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები და ა.შ. სტანდარტიზციის პრაქტიკის შემოღება, მათ შორის, პროექტირების ხარჯებს შეამცირებს, ასევე უზრუნველყოფს კორუფციის შემცირებას, რისკების დაზღვევას, გაიზრდება სამუშაოების შესრულების ხარისხი. გარდა ამისა, გაძლიერდება კონტროლის სისტემა, ამისთვის იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე სამსახურის კოორდინაცია, პირველ რიგში ჩვენ დავეყრდნობით სუს-ს, ანტიკორუფციულ სამსახურს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, იმუშავებს აქტიურად მთავრობის ადმინისტრაცია, გავაძლიერეთ მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მათ შორის, ამ საკითხებით იქნება დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის, შსს-ს როლი, ყველა შესაბამისი უწყება იქნება ჩართული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ კორუფციის რისკებისგან ჩვენი სახელმწიფო,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით,  გოდერძის საბაგირო გზასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები.

 

„რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას, წელს დასრულდება ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალ წელს, ზაფხულისთვის დასრულდება ასევე მეწყრული მონაკვეთების მშენებლობა და ასფალტის საფარის დაგება. რაც შეეხება გოდერძის საბაგირო გზას, ამასთან დაკავშირებით წარმოებს საპროექტო სამუშაოები და კომპლექსურად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საბაგირო ინფრასტრუქტურის გაფართოების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკური ინტერესი იყო.

„შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას, უცხოეთიდან არაგამჭვირვალედ დაფინანსებული ენჯეოები გამოჰყავდათ იმისთვის, რომ ეს პროექტი დაებლოკათ. ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი მიდგომა. ვიღაცას მოეჩვენა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული. შეიძლება, რაღაც ობიექტური მიზეზებიც იყო მაშინ თავის დროზე. დღეს არის სხვა მდგომარეობა. სადაც სახელმწიფოს სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, ყველა ობიექტი აშენდება. ჩვენ როცა ვსაუბრობთ თვითკმარობაზე, 10 ათას მეგავატზე, რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და განვითარების გარეშე ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული და არათუ თვითკმარობაზე ვერ ვისაუბრებთ, ეკონომიკურ ზრდას ვერ დაეწევა ენერგეტიკის განვითარება. აქ ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები. სახელმწიფო არის დღეს ძალიან ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განვითარებას, სახელმწიფო სათანადოდ დაუპირისპირდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ტექნიკური დავალება უკვე მზადდება. 

„რაც შეეხება მაყურებლის რაოდენობას, ვფიქრობ, 8-დან 10 ათასამდე იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ იქნება დედაქალაქთან სიახლოვეს, ძალიან კარგი იქნება ამ სტადიონის დატვირთვა არა მხოლოდ ქალაქის საკლუბო საჭიროებებისთვის, არამედ ასევე საფებხურთო გუნდებისთვის, მაგალითად ახალგაზრდული ნაკრებისთვის, ასევე სარაგბო მატჩებისთვის. გვინდა, რომ მაქსიმალურად დავტვირთოთ რუსთავის სტადიონი, რომელიც იქნება ძალიან გამართული ინფრასტრუქტურა. როგორც უკვე ითქვა, UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტადიონი აშენდება რუსთავში, დღეს არსებული სტადიონის ტერიოტიაზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აქედან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა 71 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება გრძელდება სკოლების მიმართულებითაც.

„დასრულდა სამუშაოები 110 სკოლაში, მიმდინარეობს 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ვიწყებთ 22 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აშენდა 1 პროფესიული სასწავლებელი და დაიწყო 4 ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდა გელათში, სადაც ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძეგლის აღსადგენად მიღებულია კონკრეტული ზომები. 

„აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად დაიცავს ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან და უზრუნველყოფს ტაძრის გამოშრობას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოხდეს, როგორც უნიკალური ფრესკების, ასევე მოზაიკის კონსერვაცია. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები ძალიან მალე დასრულდეს და გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს  ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და საპატრიარქოს კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც გადაიდგა ძეგლის აღდგენა-განახლებისთვის“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.