Featured Articles
ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი (საქმეების 33%) გაანადგურეს. ინფორმაციას პროექტი "Если быть точным" რუსეთის საანგარიშო პალატის მიერ 2025 წლის მაისში გამოქვეყნებულ მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს აქტები "კონსოლიდირებულ მონაცემთა ბაზაში" ინახებოდა, სადაც რუსეთის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილებაა განთავსებული.
"2024 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი კიბერ-ინციდენტის შედეგად, საინფორმაციო სისტემების მითითებული მონაცემები წაიშალა", - ნათქვამია პალატის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, GAS "Justice"-ის ვებსაიტების გარე უსაფრთხოება ბოლოს 2015 წელს შემოწმდა და თავად სისტემა არასდროს ყოფილა სრულად განახლებული და "ტექნიკურად მოძველებულ უცხოურ პროგრამულ პროდუქტებზე" მუშაობს. ამავდროულად, 2003 წლიდან 2024 წლამდე რუსეთის ხელისუფლებამ GAS „Justice“-ზე 65.2 მილიარდი რუბლი დახარჯა.
2024 წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა უკრაინულმა დაჯგუფებამ BO Team აიღო.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში ჩასვლას არ გეგმავს. ინფორმაციას cnn-ი თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპი თურქეთში ჩასვლასა და მოლაპარაკებებში უშუალო მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავდა. ის არ გამორიცხავდა არც იმას, რომ მოლაპარაკებებზე ჩასასვლელად დაგეგმილ ტურნეში ცვლილებებს შეიტანდა და თურქეთს ეწვეოდა. "ვიცი, სურს [პუტინს], რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია... თუ ასეშევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ თურქეთში ვიზიტზე ვიფიქრებ". ახლა დონალდ ტრამპი კატარში იმყოფება, გუშინ კი საუდის არაბეთში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.
- Details
- By iaiaia
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა. დოკუმენტი კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებებზე მას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
დელეგაციის შემადგენლობაში თავად რუსეთის პრეზიდენტი ნახსენები არ არის .
გარდა ამისა, პუტინმა დაამტკიცა "მოლაპარაკებების ექსპერტების" შემადგენლობა. მათ შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის საინფორმაციო სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზორინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ჰუმანიტარულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებში ელენა პოდობრეევსკაია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი პოლჩუკი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიქტორ შევცოვი.
უცხოური მედია წერს, რომ რუსული დელეგაციის დონე უკრაინულთან შედარებით ნაკლებად წარმომადგენლობითი აღმოჩნდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულების თანახმად, კიევის სახელით მოლაპარაკებების წარმოების უფლებამოსილება მიენიჭათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს, საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიჰას და თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს.
რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრა 15 მაისს თურქეთშია დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ ეს 2022 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები იქნება.
- Details
- By iaiaia
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერ-რიადში სირიის პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და სირიის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად შედგა. შეხვედრის წინა დღეს ტრამპმა სირიისთვის სანქციების მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება.
თეთრი სახლის ინფორმაციით ტრამპისა და ალ-შარაას შეხვედრა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ორი ლიდერის გარდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი და ფაქტობრივი მმართველი მოჰამედ ბინ სალმანი. თურქული სააგენტო "ანდალუს" ცნობით, მათ ვიდეოკავშირით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც შეუერთდა.
თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრის დროს ტრამპმა ალ-შარაასგან "პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია" (ზუსტად ვის გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი, არ დაკონკრეტებულა) და აშშ-ს "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღზევების თავიდან აცილებაში დახმარება მოითხოვა.
ტრამპმა ასევე მოუწოდა სირიის ლიდერს, ხელი მოაწეროს "აბრაამის შეთანხმებას" , რომელიც ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართული შეთანხმებების სერიას წარმოადგენს. 2020-2021 წლებში, ამ შეთანხმებების ფარგლებში, ისრაელმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეინთან და მაროკოსთან.
თავის მხრივ, ალ-შარაამ ამერიკულ კომპანიებს სირიის ნავთობსა და გაზში ინვესტიციების ჩადება შესთავაზა. CNN-ის წყარომ არხს განუცხადა, რომ შეხვედრა "ყველა დონეზე უკიდურესად პოზიტიური" იყო.
აშშ-ს მიერ სირიისთვის 50 წლის წინ დაწესებული სანქციების მოხსნა გზას უხსნის სირიაში საუდის არაბეთისა და თურქეთის მნიშვნელოვან ინვესტიციებს. სანქციების მოხსნით, სავარაუდოდ, ამერიკული კომპანიებიც ისარგებლებენ, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში.
აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ორგანიზაციის ყოფილი ლიდერია. ტრამპთან შეხვედრა მისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მინიჭებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. სირიის პრეზიდენტმა შეხვედრა უკვე გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
ისლამისტური მეამბოხე დაჯგუფება ლიდერის რანგში, ალ-შარაამ სირიაში ძალაუფლება დეკემბერში ჩაიგდო ხელში, დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი დაამხო და დაასრულა 13-წლიანი სამოქალაქო ომი.
- Details
- By iaiaia
ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს, წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ და ესაუბრონ, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ ვატიკანში გამართულ აუდიენციაზე განაცხადა.
როგორც „გარდიანი“ წერს პონტიფიკოსმა შეკრებილებს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ.
„წმინდა მიწიდან უკრაინამდე, ლიბანიდან სირიამდე, ახლო აღმოსავლეთიდან ტიგროსამდე და კავკასიამდე, რამდენ ძალადობას ვხედავთ. ჩემი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მშვიდობამ გაიმარჯვოს. წმინდა საყდარი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მტრებს შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ, ესაუბრონ ერთმანეთს, რათა ყველგან ხალხმა კვლავ იპოვოს იმედი და დაიბრუნოს მათი ღირსება, მშვიდობის ღირსება. ჩვენი მსოფლიოს ხალხებს სურთ მშვიდობა და მათ ლიდერებს მთელი გულით მივმართავ, შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა პაპმა, ლეო XIV-მ.
- Details
- By iaiaia
More Articles …
- ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ ევროკომისია „ფაიზერგეითის“ საქმის ყველა ბრალდებაში გაამტყუნა
- "ვაპირებთ, შევქმნათ აყვავებული ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიოს გეოგრაფიული ცენტრი" - ტრამპი
- საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
- ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინის მიტოვება, რომელიც ნატო-ში ვერ გაწევრიანდება - მაკრონი
Page 2 of 219