Featured Articles
მიმდინარე კვირის ბოლოს, აშშ-ის და ჩინეთის წარმომადგენლები ტარიფების საკითხზე მოსალაპარაკებლად ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეხვდებიან.
მოლაპარაკების პროცესში ვაშინგტონის მხარეს ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი, სკოტ ბესენტი წარმოადგენს, ხოლო პეკინის ინტერესებს ვიცე-პრემიერი ჰი ლიფენი დაიცავს. ამასთან, შეხვედრას დაესწრებიან სავაჭრო დეპარტამენტის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის შემდეგ, ეს აშშ-ჩინეთის დელეგაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება, რომლის მიზანს მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა და 145%-იანი სატარიფო რეჟიმის შემსუბუქება წარმოადგენს.
- Details
- By iaiaia
ფრიდრიხ მერცი ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად დაამტკიცა. გერმანელმა კანონმდებლებმა მერცი განმეორებით კენჭისყრაზე, 325 ხმით აირჩიეს.
შეგახსენებთ, პირველი კენჭისყრის დროს დღეს მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა და 310 ხმა მიიღო. თანამდებობის დასაკავებლად კი 316 იყო საჭირო.
- Details
- By iaiaia
გერმანიის ბუნდესტაგმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“-ს ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ქვეყნის კანცლერის თანამდებობაზე ვერ დაამტკიცა. მას მხარი 310 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის დასამტკიცებლად 316 ხმა იყო საჭირო.
ახლა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატას 14 დღე აქვს, რათა მერცის კანდიდატურას ხელმეორედ უყაროს კენჭი, ან კანცლერის პოსტზე სხვა ადამიანი დაამტკიცოს. როგორც Reuters-ი იუწყება, მეორე კენჭისყრა, შესაძლოა სამშაბათს ჩატარდეს.
ცნობისთვის, გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩატარდა. ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნებში პირველ ადგილზე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ გავიდა (22,55%), მეორე ადგილი პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაიკავა (20,80%), ხოლო მესამე ადგილზე „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ გავიდა (16,41%).
- Details
- By rusa
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთში მიიწვია. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს თანამშრომლობის განმტკიცებას აშშ-თან მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარულმა კრიზისმა უკიდურესად მძიმე მასშტაბებს მიაღწია და თურქეთი მზადაა, დახმარების მიწოდებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის მხარდაჭერა უზრუნველყოს.
საუბრის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
„თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ერდოღანთან ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიასთან, ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა საკითხებზე. პრეზიდენტმა მიმიწვია თურქეთში და, ასევე, ის ასევე ჩამოვა ვაშინგტონში. პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ჩემი ურთიერთობა ერდოღანთან შესანიშნავი იყო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ბევრ საკითხზე. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის აბსურდული, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად – ახლავე“, – წერს დონალდ ტრამპი.
- Details
- By ani
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების ცენტრებს ხსნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა
ზელენსკის თქმით, უკრაინა გააგრძელებს ცენტრების გახსნას საზღვარგარეთ, რათა დახმარება გაუწიოს უკრაინელებს და შექმნას პირობები მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაბამისი ეროვნული ერთიანობის ცენტრები იხსნება და გაიხსნება ბევრ ქვეყანაში, სადაც უკრაინის მოქალაქეები იმყოფებიან.
„ჩვენ ვხსნით ცენტრებს გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ჩეხეთში. ასევე განვიხილავთ გაერთიანებულ სამეფოში გახსნის საკითხს და სხვა ქვეყნებსაც. ეს მუდმივი მუშაობის პროცესია. მე მხოლოდ ის ვიცი, როდის დაიწყო ეს პროცესი, მაგრამ არ ვიცი, როდის დასრულდება და რამდენი ასეთი ცენტრი დაგვჭირდება იმისათვის, რომ არ დავკარგოთ კავშირი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებთან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე იმის აღნიშვნა, რომ ომის „ცხელი“ ფაზის დასრულების შემდეგ, უკრაინელებს ექნებათ საზღვარგარეთიდან უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა.
მისივე თქმით, სხვადასხვა მიზეზი არსებობდა, რის გამოც მოქალაქეები საზღვარგარეთ წავიდნენ, არიან ოჯახები, რომელთა მამაკაცები გმირულად წავიდნენ უკრაინის დასაცავად, ხოლო მათი მეუღლეები ბავშვებთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრნენ.
„ომი ტრაგედიაა, რომელმაც ოჯახები დაყო, დატოვა ადამიანები უსახლკაროდ, უსიცოცხლოდ, ბავშვები – ბავშვობის გარეშე და ჩვენი ამოცანაა, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს თავიანთი ადგილის პოვნაში, უკრაინაში დაბრუნებაში, თუ მათ აქვთ ამის სურვილი და შესაძლებლობა, დავეხმაროთ დასაქმებაში და ა.შ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ფიალას თანდასწრებით ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ჩეხეთში უკრაინის ერთიანობის ცენტრის (Unity Hub) შექმნის შესახებ.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ჩერნიშოვმა და ჩეხეთის პირველმა ვიცე-პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა.
„ცენტრი იქმნება ჩეხეთში მცხოვრები უკრაინელების მხარდასაჭერად, ასევე უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარების მიღება, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული მომსახურებების მიღება. გარდა ამისა, Unity Hub გახდება უკრაინის მოქალაქეთა პროფესიული განვითარების პლატფორმა: სხვა დახმარებებთანერთად გათვალისწინებულია სამუშაოს ძიებაში დახმარება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ჩეხეთში დაახლოებით 600 000 უკრაინელი ცხოვრობს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ უკრაინის ერთიანობის ცენტრების შექმნის შესახებ ერთობლივი დეკლარაციები უკვე გაფორმებულია ესპანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან.
- Details
- By ani
More Articles …
Page 12 of 219