Featured Articles
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს - შესაბამის განცხადებას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს:
“30 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-ის ხალხის მიერ უკრაინის დაცვისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის აღიარების ნიშნად, ეს ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას საშუალებას აძლევს, ერთად იმუშაონ და ინვესტირება მოახდინონ, რათა ჩვენი საერთო რესურსით, ნიჭითა და შესაძლებლობებით უკრაინის ეკონომიკური აღდგენა დაჩქარდეს.
[…]
როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ხელი შეუწყოს ამ უსამართლო და დაუნდობელი ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს სამშვიდობო პროცესს, რომელის მიზანიც თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეთანხმებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკოც:
“უკრაინის მთავრობის სახელით, ხელი მოვაწერე შეთანხმებას რეკონსტრუქციისთვის აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნაზე. აშშ-თან ერთად ვაყალიბებთ ფონდს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს”, - დაწერა მან
- Details
- By iaiaia
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-მა იმ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც ირანული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით უკანონოდ ვაჭრობდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესდა შვიდ ორგანიზაციას, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ირანში არიან განთავსებული.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ეს ქმედება მიმართული იყო ირანული ნავთობპროდუქტების, რომელთა ღირებულება ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, ოთხი გამყიდველისა და ერთი მყიდველის წინააღმდეგ.
„პრეზიდენტი ვალდებულებას იღებს, ნულამდე დაიყვანოს ირანის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ექსპორტი, მათ შორის, ექსპორტი ჩინეთში, მისი მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რომში, სამ მაისს გაიმართება.
- Details
- By ani
ისრაელის თავდასხმები სირიის ტერიტორიაზე ამ ქვეყანაში ახალი ადმინისტრაციის დროს დაწყებული დადებითი კლიმატისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზის სექტორისა და ლიბანის შემდეგ ახლა ისრაელმა ცეცხლის სირიაში გავრცელება და იქაც სისხლისღვრა გადაწყვიტა.
„ისრაელის მხრიდან ეს პროვოკაციაა და მიუღებელია. ჩვენ სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ რეაქციას ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც ჩვენს მეზობელ სირიას არასტაბილურობის ახალ ჭაობში ჩაითრევს. ჩვენი საზრუნავი რეგიონში მეტი კონფლიქტი კი არა, მეტი მშვიდობა და სიმშვიდეა“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სირიასთან 900-კილომეტრიანი საზღვარი აქვს და მომავალ პროცესში ყველა საშუალებით თურქეთი სირიის გვერდით იქნება.
- Details
- By ani
უკრაინა მზადაა, აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოაწეროს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს უკრაინაში საინვესტიციო პროექტის მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას.
არსებული ცნობებით, უკრაინის იუსტიციის მინისტრი იულია სვირიდენკო ვაშინგტონში უკვე გაემგზავრა.
„ბლუმბერგის“ მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში აშშ და უკრაინა შეეცდებიან, შექმნან პირობები „უკრაინის სამთო-მოპოვებით, ენერგეტიკულ და მომიჯნავე დარგებში ინვესტიციების გაზრდისთვის“. ვაშინგტონი ასევე აღიარებს კიევის განზრახვას, დადოს შეთანხმება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს, რაც, დიდი ხანია, უკრაინისთვის წითელ ხაზად ითვლება მოლაპარაკებებში.
მედიის ცნობით, ამერიკული მხარე დათანხმდა, რომ აშშ-ის მიერ ფონდში შეტანილ წვლილად ჩაითვლება მხოლოდ ის სამხედრო დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი კიევს შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაუწევს. დოკუმენტის თანახმად, შეთანხმება „აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას მხარეებს შორის უკრაინის გრძელვადიანი აღდგენისა და მოდერნიზაციის მიზნით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული მასშტაბური ნგრევის საპასუხოდ“.
„ბლუმბერგის“ წყაროს თქმით, ჯერ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული სხვა ორი ტექნიკური შეთანხმება, რომლებიც განსაზღვრავს ერთობლივი ფონდის ფუნქციონირების წესს.
- Details
- By ani
ევროკომისია ევროპის თავდაცვითი ფონდის პროგრამების ფარგლებში, 910 მილიონ ევროს დახარჯავს 62 პროექტზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად შეეძლება ნორვეგიას და უკრაინას, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ინვესტიციები მიზნად ევროპულ თავდაცვით პოტენციალში ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს. მაგალითისთვის, მობილური სამხედრო ძალებისა და უპილოტოებისგან თავდაცვის სფეროში. სულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 300 განაცხადი შევიდა. მათ შორის არის უკრაინული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული უახლესი აეროსისტემის განვითარებას.
თავდაცვით პროექტებს შორისაა ახალი თაობის ევროპული შვეულმფრენის შექმნა, ასევე მასობრივი განადგურებისა და ჰიპერბგერითი საფრენი აპარატებისგან თავდაცვისა და წყალქვეშა ომის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარება.
„ეს წინადადებები მხარს უჭერს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოტენციალის განვითარებას, მაგალითისთვის საჰაერო, ანტისარაკეტო და უპილოტო აპარატებისგან თავდაცვითი სისტემების შექმნას, რაც მისცემს საშუალებას ევროპის შეიარაღებულ ძალებს, რეაგირება მოახდინონ წარმოქმნილ საფრთხეებზე და დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, როგორც კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების ან ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გზით, ისეთების როგორიცაა უკრაინა, მათ ძალისხმევაში თავი დაიცვან უცხოური აგრესიისგან“, – განაცხადა თავდაცვის და კოსმოსის სფეროებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
- Details
- By ani
More Articles …
Page 15 of 219