Featured Articles
ევროკომისია ევროპის თავდაცვითი ფონდის პროგრამების ფარგლებში, 910 მილიონ ევროს დახარჯავს 62 პროექტზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად შეეძლება ნორვეგიას და უკრაინას, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ინვესტიციები მიზნად ევროპულ თავდაცვით პოტენციალში ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს. მაგალითისთვის, მობილური სამხედრო ძალებისა და უპილოტოებისგან თავდაცვის სფეროში. სულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 300 განაცხადი შევიდა. მათ შორის არის უკრაინული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული უახლესი აეროსისტემის განვითარებას.
თავდაცვით პროექტებს შორისაა ახალი თაობის ევროპული შვეულმფრენის შექმნა, ასევე მასობრივი განადგურებისა და ჰიპერბგერითი საფრენი აპარატებისგან თავდაცვისა და წყალქვეშა ომის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარება.
„ეს წინადადებები მხარს უჭერს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოტენციალის განვითარებას, მაგალითისთვის საჰაერო, ანტისარაკეტო და უპილოტო აპარატებისგან თავდაცვითი სისტემების შექმნას, რაც მისცემს საშუალებას ევროპის შეიარაღებულ ძალებს, რეაგირება მოახდინონ წარმოქმნილ საფრთხეებზე და დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, როგორც კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების ან ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გზით, ისეთების როგორიცაა უკრაინა, მათ ძალისხმევაში თავი დაიცვან უცხოური აგრესიისგან“, – განაცხადა თავდაცვის და კოსმოსის სფეროებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
- Details
- By ani
გუშინ ესპანეთისა და პორტუგალიის ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია მოხდა - ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ანდორას და საფრანგეთის ნაწილსაც, რამაც გამოიწვია მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობის შეჩერება, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები. დაცარიელდა სუპერმარკეტებში სასურსათო დახლები. ესპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამ დროისთვის ესპანეთსა და პორტუგალიაში ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ესპანეთის ენერგოკომპანია REE-ს ინფორმაციით, ენერგომომარაგება განახლებულია 87,37%-ით, ხოლო პორტუგალიის ენერგოკომპანია REN-მა გასულ ღამით განაცხადა, რომ ქსელში ჩართეს 89-დან 85 ქვესადგური.
პორტუგალიის ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ენერგომომარაგების შეწყვეტამდე ესპანეთის ელექტროსისტემაში ძაბვის ანომალიური მერყეობა დაფიქსირდა. ესპანური მხარის ცნობით, პრობლემა წარმოიშვა საფრანგეთთან დამაკავშირებელ ქსელზე, რამაც „დომინოს ეფექტი“ გამოიწვია.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება კიბერშეტევა ყოფილიყო, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით ამის ნიშნები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ორშაბათს დაინიშნა ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოიძიონ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რომ ძალიან ადრე იყო უშუქობის ნამდვილი მიზეზის დადგენა და ახლა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრაზე უნდა იმუშაონ.
- Details
- By rusa
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ცეცხლი 8 მაისიდან 11 მაისამდე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად შეწყდება.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ლევიტის თქმით, ტრამპი სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა როგორც პუტინით, ისე ზელენსკითდა მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ.
- Details
- By ani
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ ავრცელებს.
პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისის 00:00-მდე გაგრძელდება.
ამასთან, კრემლში დაადასტურეს მზადყოფნა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.
ცნობისთვის, პუტინმა სამშვიდობო ზავი 30 საათით ასევე გამოაცხადა აღდგომის დღესასწაულის დროსაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინის მტკიცებით, რუსეთმა თავად არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. საპირისპიროს ამტკიცებდნენ მოსკოვში და ზავის პირობების შესრულების დარღვევაში კიევს სდებდნენ ბრალს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი პუტინის მიერ გამოცხადებულ „სააღდგომო ზავს“ უწოდა მარკეტინგული ხრიკი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის გულის მოგებას ისახავდა მიზნად.
- Details
- By iaiaia
კათოლიკური ეკლესიის კარდინალები 7 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის ასარჩევად შეიკრიბებიან. ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თარიღზე გასულ შაბათს, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ კარდინალთა დახურულ შეკრებაზე შეჯერდნენ. ოფიციალური განცხადება კონკლავთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაკეთდება.
კონკლავში 80 წელს მიუღწეველი დაახლოებით 135 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას. Reuters-ის ცნობით, მხოლოდ მათ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, თუ ვინ უხელმძღვანელებს კათოლიკურ ეკლესიას, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,4 მილიარდი წევრი ჰყავს.
ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.
- Details
- By rusa
More Articles …
Page 16 of 219