ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ავტოტრანსპორტისთვის ახალი გზა 16 აგვისტოს დილის 12:00 საათიდან გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.
„ახალი, 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის მონაკვეთზე აშენდა 11 ხიდი და 5 გვირაბი. ეს მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს და უერთდება რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს. გზა აშენებულია საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და აღჭურვილია განათების თანამედროვე სისტემით. პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და სრულად განტვირთავს სურამს ტრანზიტული სატრანსპორტო ნაკადისგან.
სამშენებლო სამუშაოები მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 265 მილიონი ლარი შეადგინა.
სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი ისარგებლებს თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ უწყვეტი ჩქაროსნული გზით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ბათუმელ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს, ოთარ [ოთო] ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
როგორც რეჟისორის მეგობრები „ბათუმელებს“ უყვებიან, ოთო ქათამაძეს რამდენიმე დღის წინ ანევრიზმა გაუსკდა, რის შედეგადაც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
ოთო ქათამაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მის გადასარჩენად მეგობრები თანხას აგროვებენ. მათ ფეისბუქზე შექმნეს სპეციალურიგვერდი.
„ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, ოთარ ქათამაძე, მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა — ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება.
დღესდღეობით ოთია რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ რაც მთავარია ექიმები იმედიან პროგნოზს გვაძლევენ და ჩვენ ვიცით, ოთია აუცილებლად გამოჯანმრთელდება და მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს!
ამ გამარჯვებამდე კი წინ არის ხანგრძლივი და ძვირადღირებული რეაბილიტაციის გზა. სწორედ ახლა სჭირდება მას ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა.
ოთია — ნიჭიერი დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი, ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და სამაგალითო მოქალაქეა. მოდით, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ, რომ მან ეს ბრძოლა აუცილებლად მოიგოს“, – წერენ ოთო ქათამაძის მეგობრები.
ანგარიშის ნომრები:
#GE37TB7251245064300006
#GE36BG0000000525985281
მიმღები – ანა დეისაძე
დანიშნულება – ოთიასთვის
მთავარი ფოტო: ოთო ქათამაძე; ფოტოს ავტორი:ედო მჟავანაძე
- Details
- By ია გრიგალაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
საბოლოო სიტყვაში დავით ხომერიკმა საქმის მოსამართლეს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. ამასთან, როგორც ხომერიკმა აღნიშნა, 8 თვეა უსამართლოდ, მტკიცებულებების გარეშე, პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში, რადგან გავრილოვის ღამიდან დაწყებული ხელისუფლების ანტიევროპული კურსი გააპროტესტა.
ცნობისთვის, დავით ხომერიკი სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე მუხლით დააკავეს, რაც ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დავით ხომერიკი 2 დეკემბერს თამარაშვილის გამზირზე გამთენიისას დააკავეს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში ბრალდებული თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტება გააკეთა.
მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველები ვალდებულები იყვნენ, ჩხრეკის გადაღება უზრუნველეყოთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, ნეიტრალური მოწმის წარმოდგენა, რომ პირადი ჩხრეკის ნდობა ყოფილიყო.
ანასთან, მოსამართლის თქმით, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
დღეიდან, 15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის. შესაბამისად, უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის.
როგორს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან დიდმა ნაწილმა მიმართა სახელმწიფოს სერვისს და დღეიდან შესაბამისი მომსახურების მიღებას უფასოდ 1 512 პირი შეძლებს.
მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა მიზეზით, 100-მდე ადამიანს ვერ დაერთო ნება მომსახურების გაგრძელებაზე.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, 22 აგვისტოს ჩათვლით მიმართვის შემთხვევაში გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად ჩაირიცხება პროგრამაში.
ცნობისთვის, "ოცნების" მთავრობამ კერძო სუბიექტებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის აკრძალვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 25 ივნისს მიიღო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
Page 5 of 10