თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, "აგროჰაბის" ტერიტორიაზე, ხანძარია.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მათთვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
- Details
- By რუსა ხავთასი
2026 წლიდან საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტებისთვის საჰაერო სივრცისა და აეროდრომების გამტარუნარიანობის პერიოდული შეფასება სავალდებულო ხდება. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მის მიზანს საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების ევროპული გამოცდილების შესწავლა წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“, “აეროპორტების გაერთიანებისა“ და „ტავ ურბან საქართველოს“ წარმომადგენლებმა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობითვე, ევროპასთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი მიიღო, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის (EU) No 255/2010) მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. აღნიშნული წესი მოქმედ საერთაშორისო აეროპორტებს 2026 წლიდან ავალდებულებს გამტარუნარიანობის პერიოდულ შეფასებას საჰაერო მოძრაობის ნაკადების მოთხოვნის გათვალისწინებით აეროდრომების არსებული დონის დადგენის მიზნით. სამუშაო შეხვედრაზე სპეციალისტებმა მიიღეს საჭირო ცოდნა აეროპორტებში შესაბამისი კვლევების ჩატარების და მათი არსებული და სამომავლო შესაძლებლობების სწორი ანალიზის მიმართულებით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, საჰაერო მოძრაობის ნაკადების სწორი და ეფექტური მართვა მნიშვნელოვანია საჰაერო მიმოსვლის რეკორდული ზრდისა და მიმდინარე საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე.
„სამივე საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს რეკორდული ზრდა როგორც ავიარეისების ისე მგზავრთნაკადის მიმართულებით. შესაბამისად ამ მიმართულებით ევროპული კოლეგების ცოდნის და გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.“ - განაცხადა გივი დავითაშვილმა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მეუღლემ, ეკატერინე ივანიშვილმა.
- Details
- By რუსა ხავთასი
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა.
სააგენტოს ცნობით, მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყეს. საკითხი ეხება - გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას.
"სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემების ანალიზის შედეგად 8 კომპანია გამოიკვეთა, რომლებიც ბაზარზე 14 მედიკამენტთან მიმართებით დომინანტური მდგომარეობით ოპერირებდნენ (საბაზრო წილი 40%-ზე მეტი). შესაბამისად, მოკვლევა განხორციელდა შემდეგი კომპანიების მიმართ: შპს „გლობალ ცბს“, შპს „კონცეპტ ფარმა“, შპს „ბარდი“, შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალსი“, შპს „რიჩ გრუპი“, შპს „კროკუს ფარმა“, შპს „გეა“ და შპს BIH-ი.
მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დადგენილიყო - იყო თუ არა მაღალი ფასნამატები (300-3000%-მდე) გამოწვეული ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან არაკონკურენტული ქმედებებით.
GCCA-ს გადაწყვეტილებით, 4 კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე (30%) + ფასნამატი (20%-ზე მეტი). სააგენტოს პოზიციით, დამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შედეგად, 4 კომპანიის ჯარიმის მოცულობამ ჯამში 559 358 ლარი შეადგინა. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით", - აცხადებენ სააგენტოში.
შპს გლობალ ცბს, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი-10. ჯარიმის მოცულობა - 249 144 ლარი;
შპს კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი - ფლოქაზოლი. ჯარიმის მოცულობა - 21 646 ლარი;
შპს რიჩ გრუპი, მედიკამენტი - ზინასენი. ჯარიმის მოცულობა - 77 936 ლარი;
შპს გეა - მედიკამენტები - ბისეპტოლი 120 მლ. ბისეპტოლი 480 მლ. ჯარიმის მოცულობა - 210 632 ლარი;
სააგენტოს ინფორმაციითვე, მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირად ღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.
მოკვლევის ფარგლებში, GCCA-ის მიერ გაიცა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. კერძოდ, დომინანტმა ეკონომიკურმა აგენტებმა საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინააღმდეგო რისკები. ჭარბი ფასი არ იყოს არასამართლიანად მაღალი თავისთავად ან/და კონკურენტი პროდუქტის/მომსახურების ფასთან შედარებით. არასამართლიანად მაღალი ფასის შესახებ გონივრული ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლოა დაიწყოს საქმის მოკვლევა შესაბამისი სუბიექტ(ებ)ის წინააღმდეგ.
GCCA-ს შეფასებით, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სააპელაციო სასამართლომ "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია "ჩირინას" 1.6 მლნ ლარის გადახდა დაავალა. "ჩირინას" ადვოკატის გიორგი გეწაძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ჩირინამ" "ყვარლის ბაგასთან" დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო "ყვარლის ბაგას" მიუღებელ ზარალში მათ წვლილი არ მიუძღვით.
"ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ სააპელაციომ უნდა დაასაბუთოს ხელშეკრულების რომელი პუნქტი დაარღვია "ჩირინამ", ამის შემდეგ კი ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.
"სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ჩვენ „ყვარლის ბაგის“ მიუღებელ ზარალში არაფერ შუაში ვართ და დავალიანება 1.6 მლნ ლარამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს კითხვები, რადგან „ჩირინას“ ძროხების სიკვდილიანობაში ბრალი არ მიუძღვის.
მოსამართლეებს უნდა ეღიარებინათ და დაემტკიცებინათ ხელშეკრულების რომელი პუნქტი დავარღვიეთ ჩვენ. ჩვენ დაველოდებით მოსამართლეების მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტურად და გადაწყვეტილებას კიდევ გავასაჩივრებთ.
მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულება, მაგრამ უზენაესი სასამართლო დარწმუნებული ვარ ამასაც გააუქმებს, რადგან ჩვენ ამ ზარალში არანაირი წვლილი არ გვაქვს", - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
ადვოკატის განმარტებით კი კომპანია უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან, მათი შეფასებით, „ჩირინას“ მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა არ მომხდარა და საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით ვართ უკმაყოფილო, ვინაიდან ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომ დაადგინა, რომ "ჩირინას" მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მე, მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, როგორ უნდა დაასაბუთოს სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც საქმეში მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ უზენაესი მაინც მიიღებს ამ საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი გეწაძემ.
მისი თქმით, პირველმა ინსტანციამ კომპანიას 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის კომპენსაცია გააუქმა და დარჩა მხოლოდ 1.6 მლნ ლარის ოდენობით - ძირი თანხა, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, პირდაპირი ზიანია, რაც შპს „ყვარლის ბაგამ“ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად განიცადა.
„საუბარია საქონლის ღირებულებაზე, თუმცა ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ დარღვევა არ ყოფილა და დავას უზენაეს სასამართლოში გავაგრძელებთ“, – აცხადებს კომპანია „ჩირინას“ წარმომადგენელი.
დავის შესახებ: სასამართლო პროცესი „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა, რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს. კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობოდა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- აღმოსავლეთ საქართველოში 9 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს
- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის პერიოდში ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს
- დღეს ილია II-ის ანგელოზის დღეა
- ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურება
Page 8 of 10