გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 9 აგვისტომდე იქნება შენარჩუნებული ჰაერის მაღალი ტემპერატურა.
სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ზოგან +38, +40 გრადუსს მიაღწევს.
„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის პერიოდში ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად იმატებს საკვებთან და წყალთან დაკავშირებული ინფექციების, დიარეული დაავადებების, ჰეპატიტი A-ს, ლეპტოსპიროზის, ლეიშმანიოზის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი.
„დაავადებებისგან თავის დასაცავად, დაიცავით პრევენციული ღონისძიებები:
წყალსატევებში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი – ეს შეიძლება გახდეს დიარეით, ჰეპატიტი A-თი ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი; მოხმარებამდე კარგად შეწვით ან მოხარშეთ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი; აუცილებელია უმი და მოხარშული პროდუქტისათვის გამოიყენოთ სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა; ახლად მომზადებული კერძი სასურველია მიირთვათ ცხლად ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გააცხელოთ/წამოადუღოთ; არ მიიღოთ უმი, ჭუჭყიანი, გაბზარული, ნახევრად მოხარშული ან სანახევროდ შემწვარი კვერცხი; არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები; სალათები მაიონეზით ან არაჟნით უნდა შეზავდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ; მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით; სასურველია მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი ხილი; დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირებმა მოამზადონ სადილი ან ჩართული იყვნენ სხვა პირის მოვლაში; სიმპტომების (ტკივილი მუცლის არეში, დიარეა (ფაღარათი), გულისრევა, ღებინება, სისუსტე, უმადობა და სხვ.) გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს; ყოველთვის დაიბანეთ ხელი გამდინარე წყლითა და საპნით საკვების მომზადებამდე, საკვების მიღებამდე, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ; ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველის (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას; მაქსიმალურად დაიცავით თავი კოღოების კბენისაგან იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ფლებოტომუსი და/ან კოღოები არის ან შეიძლება იყოს გავრცელებული. გისურვებთ ზაფხულის ჯანსაღად გატარებას“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა.
მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. წინასწარმეტყველ წმინდა ილია თეზბიტელის მამამ ჩვენება იხილა: ახალშობილ მის შვილს ანგელოზები ცეცხლის ალში ხვევდენ და ცეცხლით კვებავდნენ. ილია თეზბიტელმა სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. მან ისრაელის მეფე აქაბი ბაალის კერპთაყვანისმცემლობისთვის ამხილა, რის გამოც დედოფალ იეზაბიელისგან იდევნებოდა. წმ. ილიამ იწინასწარმეტყველა, რომ კერპთაყვანისმცემლობისთვის ქვეყანას ღმერთი გვალვით დასჯიდა. სამწლიანი გვალვის შემდეგ უფალმა წმ. ილიას ლოცვა შეისმინა.
უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით ზეცაში იქნა ატაცებული. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად წინასწარმეტყველ ენოქთან ერთად მოვა და ხორციელ სიკვდილს დაითმენს.
საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
ილია ჭავჭავაძე (1837-1907წწ) საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
- Details
- By რუსა ხავთასი
ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
როგორც მუზეუმში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემების გამო შეუძლებელია გალერეაში ტემპერატურისა და ტენიანობის პარამეტრების დაცვა.
„ტექნიკური ხასიათის პრობლემების გამო შეუძლებელი გახდა საგამოფენო დარბაზებში ტემპერატურისა და ტენიანობის დადგენილი პარამეტრების დაცვა, რის გამოც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ვიზიტორთათვის დაიხურება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით“, – წერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი სოციალურ ქსელში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ამ დროისათვის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია - წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 ივლისს დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ დაფიქსირდა ღვარცოფული პროცესი; სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი; ოპერატიულად შეიზღუდა საგზაო მოძრაობა.
დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, დრონების მეშვეობით განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება.
მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ. თერგის შენაკადებში გამოიწვია ღვარცოფული ნაკადების ფორმირება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მდ. ყუროს და ჩხერეს ხეობები და სოფ. ცდოსთან მდ. თერგის მარჯვენა შენაკადში განვითარებული მაღალი სიმკვრივის ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც დროებით ჩახერგა მდ. თერგის კალაპოტი. ამ დროისათვის შეგუბება გახსნილია და ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე, მძლავრი ღვარცოფული ნაკადის გავლას ადგილი ჰქონდა მდ. ამალი-დევდორაკის კალაპოტში, თუმცა, მას დარიალის ხეობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზემოქმედება არ მოუხდენია.
ინფორმაციისათვის, მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის. აღნიშნული სისტემა შესაძლებლობას იძლევა, საჭირო შემთხვევაში, საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეიზღუდოს", - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ დევდორაკის ხეობაში განვითარებული პროცესების გამო, საგზაო მოძრაობა დროებით აკრძალული იყო. მუშაობა შეჩერებული ჰქონდა "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტსაც.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
Page 9 of 10