ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია სარეკრეაციო სივრცის სრულად განახლება და მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლის მოწყობა.
ტერიტორიაზე, რომელიც 66.5 ჰექტარს მოიცავს, უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.
"დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა: მოეწყობა საბავშვო სათამაშო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული მოედნები, სავარჯიშო და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.
ტერიტორიაზე საპარკინგე ზონა საერთო ლანდშაფტური გადაწყვეტის შესაბამისად განთავსდება.
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილი მოიცავს როგორც ახალი ნაგებობების აშენებას, ისე არსებულის რეაბილიტაციას. დაგეგმილია ღია სცენის, დეკორატიული ტბის, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კომერციული, შემეცნებითი სივრცეების შექმნას, პერგოლების, ადაპტირებული საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, ღია საშხაპეებისა და შადრევნების მოწყობას.
ამასთან, პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას.
პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას. გათვალისწინებულია ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების სეპარაცია და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობა.
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების შედეგად შეიქმნება უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი გარემო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები კომფორტულ დასვენებას და სოციალიზაციას შეძლებენ",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მამუკა ჩარკვიანმა გულწრფელი შემოქმედებითა და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ბატონმა მამუკამ თავისი გულწრფელი შემოქმედებით და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
- Details
- By რუსა ხავთასი
150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. ამ ეტაპზე ათსართულიანი კორპუსის რვა სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
„სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში ბორჯომში არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კომპლექსები, ბორჯომის პარალელურად, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში შენდება“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მორჩა“ - წერს მუსიკოსის და, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, რის გამოც კლინიკაში იმყოფებოდა.
მამუკა ჩარკვიანმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-79 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1979-82 წლებში იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის II მდივანი; 1982-92 წლებში — გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტი. 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა.
2000 წელს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით; 2000 წლის ფესტივალზე „წლის სიმღერა“ დაჯილდოვდა „ოქროს დისკით“; 2000 წელს სტუდენტურ ფესტივალზე „სტუდენტთა საერთაშორისო დღე“ დაჯილდოვდა დიპლომით — „ქართულ საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“; ფესტივალი „ლიგა-1996“ ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერა“; ფესტივალი „წლის სიმღერა — 2000“ წლის საუკეთესო შემსრულებელი, სიმღერებისათვის: — „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“; „დედისჯერი“; 2001 წელს წლის საუკეთესო მუსიკის ავტორი და საუკეთესო შემსრულებელი სიმღერისათვის: — „და...გტოვებ მარტო“; 2002 წელს წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი სიმღერისათვის „ოცნებების ქარავანი“ და ჟიურის სპეციალური ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი“; დაჯილდოებულია: მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით: სიმღერებისათვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“; 2006 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ — სიმღერის ავტორი — სიმღერისათვის „ჩემი თბილისი“; 2014 წელს „შანსონის“ ფესტივალზე „წლის შანსონიე“. 2014 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზთან გახსნილია მამუკა ჩარკვიანის სახელობის ვარსკვლავი; 2018 წელს ფესტივალი „ოქროს ტალღა“ნომინაცია — წლის საუკეთესო სიმღერა „შენ რომ დიდი იქნები“ (ირმა გიგანს); მამუკა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის „საპატიო უნივერსიტეტელის ტიტულით“.
- Details
- By რუსა ხავთასი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსები გამოაცხადა ქუთაისის, ახალციხისა და გურჯაანის ახალი, თანამედროვე პარკების პროექტირებისთვის.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია ქალაქებში ეკოლოგიურად მდგრადი, მრავალფუნქციური და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული სარეკრეაციო სივრცეების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის ზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
ქუთაისში ახალი პარკი ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ, დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა. ახალი ცენტრალური პარკების მოწყობაა დაგეგმილი, ასევე, ახალციხესა და გურჯაანში.
სამივე ქალაქის პარკებში გათვალისწინებული უნდა იყოს საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელის, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების, მათ შორის ღია სცენის, პავილიონებისა და ღონისძიებების მოედნების მოწყობა. ასევე, სამივე პარკში უნდა განთავსდეს საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, მოეწყოს დეკორატიული ტბები და შადრევნები. ამასთან, პარკებში დაგეგმილია რეკრეაციული ზონებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.
გარდა ამისა, პროექტების მიხედვით, პარკების ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ადგილები, მოეწყოს გარე განათება, სარწყავი სისტემა, უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.
ახალი პარკების სივრცეები სრულად უნდა იყოს ადაპტირებული ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტები უნდა ითვალისწინებდეს, ასევე, ბიომრავალფეროვნების დაცვას და პარკების ადგილობრივი სახეობების მცენარეებით გამწვანებას.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- "ცხელებით მიმდინარე ინფექციის დროს კოვიდზე ტესტირება არ უნდა დაგვავიწყდეს" - მაია ბუწაშვილი
- ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ
- პრემიერ-მინისტრი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე
Page 2 of 10