პატიმრები და ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 242
იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
გამოძიების ფარგლებში პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები გამოიკვეთა.
"იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ნაწილით.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, მ/წ 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.
შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს", - წერია განცხადებაში.

No article in the selected categories