საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 76
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე გ.ლ. და შ.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ქ. თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოსდა გ.ლ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დაეხმარებოდა ქ. თბილისის მერიის მიერ, დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70 000 აშშ დოლარი.
2025 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 10 000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე მოხდა მათი დაკავება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

No article in the selected categories