პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულთა შორის მომღერალი ხატია წერეთელია
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 142
"პირველების" ინფორმაციით, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის მომღერალი ხატია წერეთელია. სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.
შსს-ს ცნობით, თბილისსა და სამეგრელოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.
როგორც გელა გელაძის უწყება იტყობინება, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.
შსს-ს ცნობით, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
"tv პირველი"

No article in the selected categories