თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოაქალე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად 34 შეკვრად დაფასოებული 19 კილოგრამი და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ც.მ.-ს პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „,მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.