პოლიციამ თიანეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებული მ.ა.-ს.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. 

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.