სისტემატიურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ - 77 პირს ბრალი წარედგინა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 66
„კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 77 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თქმით, ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ისე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.
სამართალდამცველებმა 72 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალდება დაუსწრებლად და პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 სეკუნდა მუხლით („ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
No article in the selected categories
