9 მილიონამდე ლარის გათეთრება - ხე-ტყის ფიქტიური რეალიზაციისთვის ბრალი 3 ფიზიკურ და 4 იურიდიულ პირს წარედგინა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 66
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდება წარედგინება კიდევ ერთ ფიზიკურ პირსა და ოთხ იურიდიულ პირს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა შეიმუშავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიზანიც უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყისთვის კანონიერი სახის მინიჭება იყო. სქემის ფარგლებში, ჯგუფის წევრები წარმოშობის წყაროს დაფარვის მიზნით, ფიქტიური კომპანიების გამოყენებით დოკუმენტურად ყიდულობდნენ ხის მასალას და ამ გზით ხელოვნურად ქმნიდნენ საქონლის ნაშთს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ყალბი დოკუმენტაციის შემოსავლების სამსახურში წარდგენის შემდეგ, ბრალდებულები უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტს ახორციელებდნენ.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სხვადასხვა კომპანიის სახელით ექსპორტზე ჯამში 13 073 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის ხის მასალა გაიტანეს, რის შედეგადაც 8 960 588 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოხდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 210-ე მუხლებით, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მსგავსი დანაშაულების გახშირების ფონზე კონტროლი გამკაცრებულია და ნებისმიერი მცდელობა, უკანონო შემოსავლებს მიეცეს კანონიერი სახე, დაუყოვნებლივ აღიკვეთება.
No article in the selected categories
