28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობა - ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ძმებ მედოშვილებს 16-20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

28 წლის ნიკა ღვინიაშვილის განზრახ მკვლელობა - გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ძმები - ელგუჯა და ემზარ მედოშვილები დამნაშავედ ცნო და 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"2024 წლის 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი სოფელ ზღუდერში 1 სექტემბერს, მდინარის პირას წამებით მოკლეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა კაცი, ჯერ გათიშეს, ხელები თოკით შეუკრეს და შემდეგ -  ჯგუფურად, სიკვდილამდე სცემეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მისი მეზობლები : ემზარ და ელგუჯა მედოშვილები დააკავა. ბრალდებულებიდან ერთი პენსიონერია -მეორე კი ყოფილი მასწავლებელი.