2022 წელს შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, თავისივე საცხოვრებელ სახლთან ირანელი-ამერიკელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ირანის ხელისუფლებისათვის მიუღებელი მასიჰ ალინეჯადის მკვლელობა მზადდებოდა, თუმცა გეგმა ჩავარდა.
2025 წლის 21 მარტს ამერიკულმა სასამართლომ მისი მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი - დმანისელი კრიმინალური ავტორიტეტი, მედიის ცნობით, „კანონიერი ქურდი“.
მედიის ცნობითვე, ის 2020 წელს მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, ასევე დმანისელი ნადირ სალიფოვის („ლოტუ გულის“) ბიძაშვილია.
ფოლად ომაროვი საქართველოში, უკრაინასა და ჩეხეთში ცხოვრობდა. სწორედ ჩეხეთში დააკავეს 2023 წელს და აშშ-ს გადასცეს. მას, დამნაშავედ ცნობის შემდეგ, უვადო პატიმრობა ემუქრება.
მის დამნაშავედ ცნობას გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც და ირანის რეჟიმს პასუხისგებით დაემუქრა.
სამიზნე - მასიჰ ალინეჯადი
ჟურნალისტი მასიჰ ალინეჯადი დიდი ხანია, ირანის ავტორიტარული ხელისუფლებისა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) სამიზნეა.
„გუშაგთა კორპუსი“, არმიასთან ერთად ირანის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი და მძლავრი სტრუქტურაა.
ირანში დაბადებულმა ქალმა ჟურნალისტური კარიერა დაიწყო 2001 წელს და სხვადასხვა ირანულ გამოცემაში მუშაობდა. ხშირად აქვეყნებდა თეოკრატიული ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სტატიებს, რაც მისი დევნის საფუძველი გახდა.
2008 წელს გამორჩეულად კრიტიკულ სტატიაში, სახელად „დელფინების სიმღერა“, მან ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიმდევრები შეადარა მშიერ დელფინებს, რომლებიც მწვრთნელისაგან საკვების მოლოდინში მის ყველა მითითებას ასრულებენ.
საბოლოოდ, იმ გაზეთის დირექტორმა, სადაც ეს სტატია გამოქვეყნდა, ბოდიში მოიხადა.
2009 წელს გაემგზავრა შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ინტერვიუს ჩასაწერად, თუმცა ეს ინტერვიუ არ შედგა. ამერიკაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო არაერთ დემონსტრაციაში ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ. იმავე წელს შტატებიდან ბრიტანეთში ბრიტანეთში სასწავლად. რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა ლონდონში.
2014 წელს სოციალურ მედიაში წამოიწყო მოძრაობა სახელით #MyStealthyFreedom. ეს მოძრაობა ირანელ ქალებს მოუწოდებდა, გაეპროტესტებინათ თავსაბურავის ტარების მოთხოვნა. ორ წელიწადში ფეისბუკზე მოძრაობამ მილიონი გამომწერი მოაგროვა.
2014 წელს ლონდონიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
2019 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა.
იმავე წელს „გუშაგთა კორპუსმა“ მისი ოჯახის სამი წევრი დააკავა თეირანში. ოჯახის დანარჩენ წევრების გამუდმებით ემუქრებოდნენ.
2018 წელს მისი და აიძულეს, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსულიყო და ალინეჯადის „სამარცხვინო ქმედებები“ დაეგმო (მსგავს მეთოდს ირანის რეჟიმი ხშირად მიმართავს დისიდენტების წინააღმდეგ).
ამჟამად არის 48 წლის და მუშაობს „ამერიკის ხმის“ სპარსულ სამსახურში.
„წლების განმავლობაში, ირანის ხელისუფლება ცდილობდა, გაეჩუმებინა მისი მკაცრი კრიტიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი და აქტივისტი“, - განაცხადა ნიუ-იორკის პროკურორმა 21 მარტს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ირანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა და მათმა კონტროლირებულმა პირებმა 2020 და 2021 წლებში ორჯერ სცადეს მისი გატაცება აშშ-დან, თუმცა წარუმატებლად.
ალინეჯადის ცნობით, - როგორც მან X-ზე დაწერა, - სასამართლოზე პროკურორებმა აჩვენეს ვიდეო, როგორ უწოდებს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ალინეჯადს „ამერიკელ აგენტს“, რომელიც „ჰიჯაბს ბერლინის კედელს ადარებს“, და მის დასჯას ითხოვს.
მკვლელობის ჩაშლილი გეგმა
გამოძიების ვერსიით, მას შემდეგ, რაც ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, გუშაგთა კორპუსმა ორ ადამიანს დაავალა, ეპოვათ ჟურნალისტის ადგილსამყოფელი, ეთვალთვალათ და მოეკლათ ის.
ერთი რაფატ ამიროვი იყო, - ირანის მოქალაქე, მეტსახელად „რომი“, ასევე ცნობილი, როგორც ფარხადინ მირზოევი.
მეორე - ფოლად ომაროვი, ამჟამად 40 წლის, წარმოშობით საქართველოდან.