ამოღებულია 120 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია 5 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის მაისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 19 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც საგამოძიებო სამსახური იუწყება, აღნიშნულ ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან 5 კი დაკავებულია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ჯამში, 21 267 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.