დონალდ ტრამპი თეთრ სახლში პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის თეთრ სახლში მასპინძლობს.

ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა პოლონელ კოლეგას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისინი ვაჭრობასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავენ.

კაროლ ნავროცკიმ კი დონალდ ტრამპს მხარდაჭერისა და მიპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აშშ-პოლონეთს შორის მყარ ურთიერთობებზე მეტყველებს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა მედიის მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

„პოლონეთიდან ჯარისკაცების გაყვანაზე არასდროს მიფიქრია. ამაზე სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ვფიქრობთ. ჩვენ ბოლომდე პოლონეთის გვერდით ვართ და მათ თავის დაცვაში დავეხმარებით,“ – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ პოლონეთი „განსაკუთრებული ურთიერთობების“ კატეგორიაშია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ „პოლონეთი იყო ერთ-ერთი იმ ორი ერიდან, რომელიც NATO-ს ფარგლებში იმაზე მეტს იხდიდა, ვიდრე მას ევალებოდა“.